,,უი, მიცნობს? მაშინ მე რატომ ვერ ვცნობ?” – ლია კამლაძის ბლოგი
ქუჩაში ისეთმა მამაკაცმა გამაჩერა, მექანიკურად გავინაზე და რაც შეიძლებოდა ჭკვიანური გამომეტყველება მივიღე. ,,ლია ხართ?“…,,უი, მიცნობს? მაშინ მე რატომ ვერ ვცნობ? (ისეთია, ცოცხალი ქალი რომ ვერასოდეს დაივიწყებს, მე კი, მგონი მკვდარი არ ვარ)…
,,დიახ“-მე, გაკვირვებულ-ჩასაფრებული ხმით (გონება ელვისუსწრაფესად მუშაობს, მთელი ტვინის ხვეულები მოვიარე, წარსულში, აწმყოში…ვერაფერს ვიხსენებ)…,,ვერ მიცანი?“-იღიმება…(სადღაც, გონებაში ნაცნობი სილუეტი გაკრთა)… ჩემმა დეიდაშვილმა მითხრა, ვანიკო რადიოს აკეთებს და შენი დახმარება უნდა, თანაც ანაზღაურებაც კარგი გექნებაო. ვანიკოს ცუდად ვიცნობდი (ჩემი დეიდაშვილის მამიდაშვილია), მაგრამ ვიფიქრე მივალ, ვნახავ რა ხდება, დაძალებით არავინ არაფერს დამაძალებს…მივედი…იმ დროისთვის (ერთი, 15-ი წლის წინ), ისეთი ოფისია, ისეთი მოწყობილი…მომეწონა, კარგად ვიგრძენი თავი (გარემო ახდენს გავლენას…როგორც ტანსაცმელი, როგორც მაცვია, შინაგანადაც შესაფერი განწყობა მაქვს, ასევეა გარემოზე)…მოკლედ, კარგად ვარ…
ვანიკოც არაჩვეულებრივად შემხვდა, თავაზიანად, მაინც შევავლე თვალი: ძვირფასი პიჯაკი, მოვლილი, თავისი თავის დამფასებელ-შემფასებელი კაცი იდგა ჩემს წინ (მიყვარს ასეთი კაცები), მანერები დახვეწილი, მომართვის ფორმები…ხელშეკრულება გავაფორმეთ, პირობებზე შევთანხმდით, სრულ თავისუფლებას მაძლევს (სოლიდურ ხელფასსაც)…
მუშაობას ვიწყებ (პარალელურ რეჟიმში,ამ დროს ტელევიზიაშიც ვმუშაობდი), საინტერესო პროცესები ვითარდება, გამოვაცხადეთ ჟურნალისტების შერჩევაზე კონკურსი, ისეთი ბავშვები მოვიდნენ, ისეთი რომ (ბევრი დღეს ცნობილი და პოპულარული ჟურნალისტია), ვანიკო არაფერში ერევა, ფინანსების გარდა, დროებით აყვანილებს გამოუცხადა, რომ ჰონორარს ვერ მიიღებდნენ (გვიან გავიგე, რომ ფულს არც ტექნიკურ პერსონალს აძლევდა)…შუა ღამემდე ვმუშაობთ, მაგრამ ისეთი მონდომება და ენთუზიაზმია, ,,რუსთავი-2“ -ს შეშურდება…საცდელ გადაცემებს ვამზადებთ, პირდაპირი ეთერისთვის მიდის მზადება…
მოკლედ, კარგია, საქმეც და შედეგიც. კვირაში ერთი დღე ვისვენებთ. ერთხელაც მასალის დამონტაჟებას ვერ დავესწარი და ვიფიქრე, დასვენების დღეს შევივლი-თქო…საღამოს მივედი, კარები ჩაკეტილია, კიდევ კარგი გასაღები მეც მაქვს…
მთელი ოფისი ყირაზე დგას, გაშლილი სუფრები, სიგარეტის და სუნამოს სუნების ნარევი, აივანზე სავარძელი, აბაზანის ოთახში სავარძელი…ვერ ვხვდები რა ხდება, ფანჯრები და კარებები მოვაღე (კიდევ კარგი, სტუდიის ოთახში სიწყნარეა)…
რა ვქნა? დალაგებას შევეცადო თუ ჩემს საქმეს მივხედო…გავდი-გამოვდივარ, ამ დროს კარებთან ისმის ხორხოცი, სიცილი, შეკივლება…ვანიკო თავის განუყრელ მეგობრებთან (ჩვენი ხშირი სტუმრები იყვნენ) და გოგოშკები…ქალები?!… მოკლეკაბიანი, გრძელფეხება, ულამაზესი არსებები (იმათ ფონზე ნამდვილი ქეთო ყარაულაშვილი ვარ) ჩემს დანახვაზე პირკატა ეცათ, არ მელოდნენ…მეც დავიბენი და ისინიც…,,უკაცრავად, მგონი ხელი შეგიშალეთ, საქმე მქონდა და“…
ვანიკომ ხელი მომხვია და მის კაბინეტში შევედით, ,,არა უშავს, საქმე მოიცდის, ეს გოგონები ბიზნეს-პარტნიორები არიან (ვანიკოს დიდი ბიზნესები ჰქონდა, მსგავსი ადამიანი, მას შემდეგ არც შემხვედრია, ეს იყო კაცი, რომელიც ქვას ხელს მოუჭერდა და ფულს გამოადენდა, ძალიან მდიდარი იყო და როგორც მერე გავიგე, ძალიან ძუნწიც, თურმე მარტო მე მაძლევდა ხელფასს), მოკლედ, ახლა შენ სახლში წადი, მძღოლი წაგიყვანსო…,,რა უცნაურია, ყველგან სავარძლებია, აბაზანაშიც კი“…(ვითომ სხვა არაფერი მეუცხოვა), გაეღიმა, ფართოდ, აი ისე, გადახარხარება რომ უნდათ და თავს იკავებენ…,,ჰოო, მაგას სხვა დროს აგიხსნი“-თავი ლამის მაგიდის ქვეშ შეყო… ეს ღიმილი დავიჭირე სწორედ, ქუჩაში…
მუშაობის პროცესი ჩვეული რიტმით გაგრძელდა. ჩვენ ეთერში გავედით, გადაცემები გვაქვს, პირდაპირი ეთერებიც, მსმენელები გვერთვებიან, თავიანთ მოსაზრებებს, სატკივარს გვიზიარებენ (ისეთი სოციალური პროექტები გვქონდა, დღევანდელ საქართველოს რომ ყველაზე მეტად სჭირდება). ვანიკო თავისი ბიზნესებით არის დაკავებული, ხშირად არის საზღვარგარეთ და ზოგჯერ გვენატრება კიდეც (ფულს, ჩემს გარდა, არავის აძლევს, მაგრამ ტკბილეული და გაზიანი სასმელები, ყავა-ჩაი, გამოულევად გვაქვს)…
ისეთი სიცოცხლეა, ენერგია, მუდმივი ძიება და პოვნა (გული მწყდება, როგორ არ შევინახე მაშინდელი ჩანაწერები)…ერთხელაც, მსმენელი ჩაგვერთო და გვიყვება შვილის, 6-ი წლის ბიჭის შესახებ, რომელსაც გაურკვეველი დაავადება ტანჯავს და დედა ვერაფერს აკეთებს…ისედაც ყველაფერზე მეტირება და ამ ქალის ხმამ, შეკავებულმა ქვითინმა, მომკლა…ცრემლები მაღრჩობს…15-ი ათასი დოლარი სჭირდება (მაშინ ეს იმხელა ფული იყო), ბავშვის გერმანიაში წაყვანა შეიძლება (ანალიზები გადაუგზავნიათ და რომელიღაც კლინიკა დათანხმდა ბავშვის მკურნალობას)…პანაშვიდი გვაქვს, დანა პირს არ გვიხსნის, ცრემლებმა თვალები დამიდღაბნა და ალბათ, ეშმაკს ვგავარ…ვანიკო რომელიღაც ქვეყნიდან ახალი ჩამოსულია, ეტყობა, საქმე კარგად მიუდის, მხიარული, ენერგიული, ხმაურით შემოდის…ჩვენს დანახვაზე გული გაუსკდა, ,,რა ხდება, ვინ მოკვდა“…,,ჩვენ მოვკდით“-ძლივს ვთქვი და უკვე ხმამაღლა, გაბმით გავაგრძელე ქვითინი…,,რა, რა?“-კაცი დაიბნა…მოკლედ, სლუკუნ-სლუკუნით მოვუყევი რაც მოხდა, თანაც არანაირ თანაგრძნობას მისგან არ ველი…პაუზა, ხანგრძლივი…,,კარგი, წადი, იმუშავე“…რამდენიმე დღეში გამოვიგლოვეთ პატარა ბიჭის ამბავი, ვცდილობთ არ გავიხსენოთ, ყოველ ჩართვაზე გული მისკდება იმ ქალმა არ დარეკოს და…ვანიკო მეძახის, იმ ბავშვის მისამართი უნდა…რაო? ასე ვიცი, როცა რაღაც მაღელვებს, გული ცუდად მიხდება, ახლაც შევატყვე ვერ ვარ კარგად, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნები, რომ ახლა, ამის უფლება არ მაქვს…
ჩვენ ერთად მივედით იმ ოჯახში და ამ ძუნწმა კაცმა 15-ი ათასი დოლარი ისე მისცა ხელში უბედურ დედას, თავისი სახელიც არ უთხრა…ახლა ამაზე ამივარდა ტირილი, ,,ყველაზე, ყველაზე კარგო, მიყვარხარ, მიყვარხარ…“-კიდევ რას ვყვიროდი არც მახსოვს და კაცს კისერზე ვეკიდებოდი…პირობა ჩამომართვა, რომ არსად ვიტყოდი, მაგრამ ახლა იმდენი დრო გავიდა…ამ დღიდან ის ჩემთვის ,,კვაჭი კაცი“ აღარ იყო, ის ,,კარგი კაცი“ იყო (მერე, გვიან გავიგე, რომ მასაც ავად ჰყოლია შვილი და გამოცდილი ჰქონდა ეს ტკივილი).
რადიოს ბიზნესი ვანიკოსთვის მომგებიანი არ აღმოჩნდა (ისეთ სფეროებში ჰქონდა ბიზნესები, რადიო თამაში იყო მისთვის) და დახურა…ამის შემდეგ მასთან კავშირი არ მქონია, არც არაფერი მიკითხავს…ეს კაცი იდგა ახლა ჩემს წინ…რესტორანში შევედით ცოტა ხნით, ვისაუბრეთ, რაღაცეები გავიხსენეთ, პატარა ბიჭის ამბავიც…ისევ ისეთი უზომოდ სიმპათიური, ოღონდ ძალიან სხვანაირი იყო (მაინც როგორ ცვლის წლები ადამიანს-გავიფიქრე)…ერთი თვის წინ ჩემს დეიდაშვილს მოვუყევი ვანიკო ვნახე-თქო, დაიბნა ,,კაცს ინტერპოლი ეძებს და შენ ნახეო“…თურმე, ბიზნესები არცთუ პატიოსანი გზით ჰქონია აწყობილი და რა და როგორ მოხდა, ცხადია არ ვიცი და გაქცეული ყოფილა ქვეყნიდან (მე კიდევ ჩაის ვსვამდი მასთან ერთად)