უილსონი აცხადებს, რომ ტელეკომპანია იმედის მფლობელი ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტია

რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი აცხადებს, რომ ბიზნესმენი და ტელეკომპანია იმედის მფლობელი, ირაკლი რუხაძე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტია და რამდენიმე კორუფციულ აქტივსაც ფლობს.
“ირაკლი რუხაძე არის ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტია… სანქციები მოდის”, – წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ზე და ირაკლი რუხაძის ბიზნეს აქტივების შესახებ სქემას აქვეყნებს.
“ირაკლი რუხაძე არის ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტი და ფლობს უამრავ კორუფციულ აქტივს მისი ბოსისთვის, რომელიც საქართველოს ყიდის ჩინეთის კომუნისტურ რესპუბლიკას, ომის დამნაშავე პუტინს და ირანის რეჟიმს. მისი პროპაგანდისტული ჯგუფი, ტელეკომპანია “იმედი”, 24/7 ავრცელებს ამერიკის სიძულვილს. სანქციები მოდის”, – წერს უილსონი.
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების წინადადებას უკვე 20 ხელმომწერი ჰყავს. მათი შემადგენლობა მრავალპარტიულია.
ინიციატივის განხილვა საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანელმა დეპუტატმა, ჯეიმს მაკლირიმ გაერთიანებულ სამეფოს მოუწოდა, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესონ.
გაერთიანებული სამეფოს სანქციები უმკაცრესია. თუ ივანიშვილის გვარი ინგლისის შავ სიაში მოხვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას გაეყინება აქტივები, ფინანსური სერვისები, რესურსები და ბაზრებზე წვდომა.
ივანიშვილი ათზე მეტ ოფშორულ კომპანიას ბრიტანეთის იურისდიქციაში მყოფ კუნძულებზე ფლობს, რომლითაც როგორც მსოფლიოს მასშტაბით, ასევე საქართველოშიც სხვადასხვა კომპანიებს განკარგავს. მათ შორისაა, “ქართუ ბანკი” რომელიც ოლიგარქის დასანქცირებით საერთაშორისო ტრანზაქციებს ვერ განახორციელებს.