მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

უკანონო მშენებლობების დემონტაჟს თბილისის მერია ყველა უბანში გეგმავს

აფრიკის დასახლების მსგავსად, თბილისის მერია უკანონო მშენებლობების დემონტაჟს სხვა უბნებშიც გეგმავს

უკანონო ნაგებობების სადემონტაჟო სამუშაოებისთვის მერიას ტენდერი აქვს გამოცხადებული – შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 189 911 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციაში მერია ითხოვს, რომ თბილისის ტერიტორიაზე – შემსრულებელმა კომპანიამ – დემონტაჟის სამუშაოების ოპერატიულად შესრულება დღე-ღამის ნებისმიერ დროს უზრუნველყოს.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, სახელმწიფოს პრინციპული პოზიციაა, რომ მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობები არ დაუშვას და მსგავსი ქმედებები დროულად აღკვეთოს.

შეგახსენებთ, თბილისში, აფრიკის დასახლებაში, მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე შენობა-ნაგებობა უკვე დაანგრია. მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი.

შენობა-ნაგებობების დანგრევა გააპროტესტეს მოქალაქეებმა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელმაც დააკავა 13 პირი, მათგან 12-ს ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. ერთი ადამიანი კი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული.

სასამართლო პროცესები დღეს, 16 დეკემბერს გაიმართება.

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. მათ მერიას ხალხის უფლებების დაცვისკენ მოუწოდეს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button