მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

უხუცესთა კავშირმა სასამართლოს წერილობით მიმართა

პანკისის ხეობის უხუცესთა კავშირის წევრები, ჩაცმულობის გამო, ხეობაში მომხდარი დაპირისპირებისათვის დაკავებული პირის განთავისუფლებას მოითხოვენ.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, 22 წლის ისლამ ფარეულიძის განთავისუფლების თხოვნის წერილი, უხუცესებმა, თელავის რაიონულ სასამართლოს გაუგზავნეს.

სასამართლოსათვის წერილობითი მიმართვის ფაქტი, კავშირის თავმჯდომარემ, ზელიმხან წუწაშვილმა დაადასტურა.

ქისტი უხუცესი განმარტავს, რომ იმ პირებს, რომლებიც დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ, მართლმსაჯულებამ შეცდომის გააზრების შანსი უნდა მისცეს.

“ნამდვილად მივმართეთ სასამართლოს. თხოვნას მეც ვაწერ ხელს. გაითვალისწინებს თუ არა, ჩვენს მოსაზრებას, ახლა მისი საქმეა. ახალგაზრდაა, შეცდომა დაუშვა. კანონმა უნდა მისცეს შესაძლებლობა დაფიქრდეს, გაიაზროს და ახალი შეცდომა აღარ დაუშვას. თვითონ აღიარებს, ნანობს და რატომ არ უნდა მიეცეს შანსი?”, – განაცხადა წუწაშვილმა.

ჩაცმულობის გამო მომხდარი ძალადობის საქმეზე დაკავებულ, 18 წლის პირს, თელავის რაიონულმა სასამართლომ, ერთი თვის წინ, პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

განთავისუფლებულის ადვოკატი, ირმა ქავთარაშვილი ამბობს, რომ სასამართლომ შესაძლოა, უხუცესების თხოვნა, სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინოს. მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისათვის კი, ადვოკატი განრიდების მექანიზმის გამოყენებას ვარაუდობს (განრიდება სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატივას წარმოადგენს და “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის” თანახმად 21 წლამდე ასაკის პირებისათვის გამოიყენება).

ადვოკატი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, სამართალდამცავი ორგანოები, ნასამართლობის გარეშე ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობას მისცემენ.

“სასამართლო ასეთ წერილებს ვერ განიხილავს, მაგრამ შესაძლოა, სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინოს. რაც შეეხება, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, სასამართლომ პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. შესაძლოა, მის მიმართ გამოიყენონ განრიდება. შესაბამისი დასკვნა, სოციალური სამსახურიდან უკვე არის და ორშაბათს გავეცნობით. ის დანაშაულს აღიარებს და ძალიან ნანობს, მძიმე დანაშაული ჩადენილი არ არის და ამიტომ რას მოგვცემს სისხლისამართლებრივი დევნა. ვფიქრობ, მას, ამ შანსის გამოყენების შესაძლებლობას მისცემენ”, – განაცხადა ქავთარაშვილმა.

დაპირისპირებაში მონაწილე პირებთან, სამართლებრივი პრეტენზია აღარ აქვთ თავად დაზარალებულებს.

გელა წელაურმა, რადიო ჰერეთს, ბრალდებულებთან შერიგების ფაქტი დაუდასტურა.

“მე გიდასტურებთ, რომ შერიგება მოხდა. ახალგაზრდები არიან, შეცდნენ. რას მოგვიტანს ახლა მათი ციხეში გასტუმრება. მიხარია, რომ პატიების შესაძლებლობა მომეცა. მათგან იყო დაჟინებული თხოვნა და ბოდიშის მოხდა და მგონია, რომ შემხვედრი ნაბიჯი უნდა გადაგვედგა”, – თქვა წელაურმა.

დაპირისპირება ჩაცმულობის გამო, პანკისის ხეობის სოფელ ყვარელწყალთან, 2020 წლის 8 აგვისტოს მოხდა. თბილისიდან სოფელში ჩასულ გელა წელაურსა და მის შვილს, შორტებით ქუჩაში გადაადგილების გამო, სამი ადგილობრივი დაუპირისპირდა. ახალგაზრდებმა, მამა-შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
დაშავებულ გელა წელაურს, სამედიცინო დახმარება, თბილისში, მე-5 კლინიკურ საავადმყოფოში გაუწიეს. მას დაჟეჟილობები და მარცხენა ხელის ხაზოვანი მოტეხილობა ჰქონდა. დაზარალებულმა პოლიციას 9აგვისტოს მიმართა. ათი დღის შემდეგ, სამართალდამცავებმა, პანკისის ხეობაში მცხოვრები სამი პირი, მათ შორის ერთი, არასრულწლოვანი დააკავეს. თელავის რაიონულმა სასამართლომ, დახურულ სხდომაზე, არასრულწლოვანი პატიმრობიდან გაანთავისუფლა. მოგვიანებით, საპატიმრო დატოვა, 18 წელს მიღწეულმა, მეორე პირმაც.
ამჟამად პატიმრობაში, მხოლოდ 22 წლის ისლამ ფარეულიძე რჩება. საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში, სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშულზე მიმდინარეობს. შემდეგი სხდომა, 2020 წლის 5 ნოემბერს არის ჩანიშნული.

მსგავსი პოსტები

Back to top button