უკონტროლო საქალაქთაშორისო მიკროავტობუსები
რადიო "თბილისის" საგამოძიებო-საზოგადოებრივი პროექტი "სატრანსპორტო ლაბირინთი"
მგზავრი:
„ზოგჯერ, რომ დავჯდებით ტრანსპორტში, სავარძლები ისე არის… ახალგათოხნილ ყანასავითაა…“
გაუმართავი კონდიცირების სისტემა, ცუდი სავარძლები, მოუწესრიგებელი სადგურები, გადაჭარბებული სიჩქარე და დაბალი ხარისხის მომსახურება, – ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რასაც საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მგზავრები აწყდებიან და რაზეც თბილისის ყველა ავტოსადგურში საუბრობენ.
მგზავრი:
„ზოგიერთი კიდევ, კონდიციონერს არ რთავს. და ვიხუთები და ვყვირი უკნიდან.“
რეპორტიორი მიშა ხაჩიძე:
„მერე ჩართავს, ხო?“
მგზავრი:
„ხან რთავს, ხან არა. ბენზინს უფრთხილდებიან.“
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაადგილების სურვილით, თბილისში მდებარე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის სადგურებს, ყოველდღიურად, ათასობით ადამიანი აკითხავს. ადგილობრივების გარდა, სადგურებს იყენებენ უცხოელი ტურისტებიც, რომლებიც ქვეყანას წლის სხვადასხვა დროს სტუმრობენ. არსებული ანტისანიტარია და მოუწესრიგებელი სიტუაცია პრობლემებს უფრო ამწვავებს.
მგზავრი:
„ანტისანიტარიაა ავტოსადგურებში. ადიხარ სამარშრუტო ტაქსში… ოფლის სუნი… არ არის კონდიციონერები ჩართული, დისკომფორტით მიდიხარ ადგილამდე, სოფლებში ან რაიონებში. ჯერ ერთი, ძაან გვიანია გრაფიკი. ერთი გადის 9 საათზე, მეორე სამზე… აი, ასე არეულია გრაფიკი…“
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, თეონა ჭალიძის განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ამავდროულად, გაუმართავი საქალაქთაშორისო ტრანსპორტი სამარშრუტო ტაქსებია. ის ფიქრობს, რომ კომპლექსური პრობლემების მოგვარება რამდენიმე მიმართულებით უნდა მოხდეს და ამისთვის, ყველა შესაბამისი უწყების აქტიური მუშაობაა საჭირო.
თეონა ჭალიძე:
„მძღოლები ელოდებიან გარკვეული რაოდენობის მგზავრების მობილიზებას და შემდეგ გადიან ისე, რომ წინასწარ ადგილებს ვერ იყიდი. ძირითადად, მხოლოდ მძღოლთან ხდება ანგარიშსწორება. დიდი სისწრაფით მოძრაობენ ისეთ გზებზე, რომელი გზებიც განსაკუთრებულად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს იმიტომ, რომ არის ორმოები. მგზავრებზე და მათ შორის, ტურისტებზეც ორიენტირებული პოლიტიკის შემთხვევაში, ასეთი მდგომარეობა ნამდვილად არ გვექნებოდა.“
ტრანსპორტისა და გზების პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, ლავრენტი ალანიას თქმით, პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ მიკროავტობუსების უმრავლესობა სატვირთო გადაზიდვებისთვისაა გათვალისწინებული, მაგრამ საქართველოში ჩამოყვანის შემდეგ, მათი სამგზავრო ტრანსპორტად გადაკეთება ხდება. გარდა ამისა, ისინი დიდ დისტანციებზე მოძრაობენ, რაც ასევე რისკის შემცველია.
ლავრენტი ალანია:
„სადგური არის, როგორც გადამზიდავი და არ უნდა იყოს ასე. სადგური უნდა იყოს გამტარი. არავინ ამოწმებს, ტრანსპორტი გამართულია თუ არა, რამდენად უსაფრთხოა მგზავრობა… მაგალითად, ბევრი შემთხვევა ვიცი, როდესაც თბილისიდან ზუგდიდისკენ, თბილისიდან ბათუმისკენ, დილით რომ წამოვა ტრანსპორტი, უკან მიბრუნდება. ასე არ შეიძლება, სანამ არ იქნება მისი გამართულობა შემოწმებული. გურიაშიც, მცხეთაშიც, მძღოლი როდესაც ცუდად გახდა, იმიტომ გახდა ცუდად, რომ თურმე დილიდან გული ტკიოდა და ვინმეს [უნდა] შეემოწმებინა, როგორც არის მუნიციპალურ ტრანსპორტებში, რომ დილას, მძღოლი სანამ გამოვა მარშრუტზე, მანამდე ამოწმებენ ექიმები.“
ერთ-ერთ გამოწვევად, ავტოსადგურ დიდუბის დირექტორი ნესტორ მიქატაძე ე.წ. „ხიშნიკებს“ ასახელებს. ამასთან, მიქატაძე აღნიშნავს, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, ავტოსადგურებს მგზავრების რაოდენობა გაეზრდებათ და ამ ფონზე, გაძვირების საკითხი დღის წესრიგში არ დადგება.
ნესტორ მიქატაძე:
„არანაირ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ, არანაირ კონტროლს არ ექვემდებარებიან. არანაირი გადასახდელი არ აქვთ. ფასებს, როგორც უნდათ, ისე აწევენ და დაწევენ და აქედან გამომდინარე, კანონიერი ბიზნესი არ არის დაცული, ხოლო უკანონო ბიზნესი წახალისებულია. გამოუძინებელი, მოუწესრიგებელი, გაუპარსავი, ჩაუცმელი და მანქანაში განათევი მძღოლი რომ იძახის, ქუთაისში გავდივარო… იმდენად გაჭირვებულია ხალხი დღეს, რომ 2 ან 3 ლარი რომ დაუკლო, წავიდა, იმასთან ჩაჯდა და მერე კი მოირტყა თავში ხელი, რა მინდოდა, ამ მანქანაში რომ ჩავჯექიო.“
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 83 ხმით, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება გასული წლის ნოემბერში მიიღო. კანონპროექტი ითვალისწინებს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოწესრიგებას, ნორმების დახვეწას, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ავტოსადგურების სერტიფიცირებას და ასევე, ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას. თუმცა, კანონის ამოცანები ჯერ გადაუჭრელია.
წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. მისი შინაარსი „ჰერეთის“ პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.