უკრაინა ბახმუტს იბრუნებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, გასულ კვირას უკრაინელებმა ბახმუტის მახლობლად 3 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.
ანა მალიარის ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს და სიტუაცია განსაკუთრებით რთულია ქალაქ კუპიანსკის მახლობლად.
“ჩვენი ჯარები სამხრეთ ფლანგზე, ბახმუტის გარშემო წინ მიიწევენ. გასული კვირის განმავლობაში, უკრაინელებმა [ბახმუტის მახლობლად] 3 კვადრატული კილომეტრის გათავისუფლება შეძლეს.
საერთო ჯამში, ბახმუტის გარშემო 43 კვადრატული კილომეტრია გათავისუფლებული”, – ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
მალიარის თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ფრონტის ხაზზე ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელი დამცველები კონტრშეტევით ოპერაციებს მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით აგრძელებენ.
უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ზაპოროჟიეს რეგიონიდან ვრცელდება ცნობები ინტენსიურ შეტაკებებზე. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი “წარმატებაზე” იუწყება.
უკრაინის წინსვლაზე იტყობინებიან სოფელ რობოტინიეს სიახლოვიდან. სოფელი მდებარეობს ქალაქ ორიხივიდან ტოკმაკისკენ მიმავალ მნიშვნელოვან გზაზე, სტრატეგიული ქალაქის, მარიუპოლის მიმართულებით.
მალიარი ტელეგრამით წერს, რომ უკრაინის სამხედროებს, რომლებმაც, გავრცელებული ცნობებით, ბოლო დღეებში გარღვევას მიაღწიეს რობოტინიეს სიახლოვეს, “წარმატება აქვთ რობოტინიედან სამხრეთ-აღმოსავლეთით და მალაია ტოკმაჩკიდან სამხრეთით”.
მალიარი დასძენს, რომ “დაგეგმილი საბრძოლო სამუშაო გრძელდება” საკუთრივ რობოტინიეშიც.
სხვაგან, უკრაინის ძალები აცხადებენ, რომ დაიბრუნეს ტერიტორია ბახმუტთან, დონეცკის რეგიონში მდებარე ქალაქთან, რომელიც თვეების განმავლობაში იყო ინტენსიური ბრძოლის სამიზნე, სანამ მაისში რუსეთის ძალები დაეპატრონებოდნენ.
ბახმუტის გარშემო “გათავისუფლებულია კიდევ სამი კვადრატული კილომეტრი”, საერთო ჯამში, ბახმუტთან 43 კვადრატული კილომეტრი გათავისუფლდა კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, – უთხრა მალიარმა სახელმწიფო ტელევიზიას.