მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინა ბელარუსის საზღვარზე, კედელს აშენებს

უკრაინა ბელარუსის საზღვარზე, ჩრდილოეთ ნაწილში, კედელს აშენებს ხოლო რუსეთთან მოსაზღვრე ოლქებში კი ფორტიფიკაციებითაც ამაგრებენ. ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კირილ ტიმოშენკო ავრცელებს.

“ჩრდილოეთ ნაწილში სხვა საქმე დუღს – ახლა ბელარუსის საზღვარზე კედელი შენდება. თხრილები, რკინაბეტონისგან აგებული კედელი, მავთულხლართები – ეს შენდება ვოლინში. უკვე აშენებულია 3 კილომეტრის სიგრძის კედელი, სამუშაოები გრძელდება. ეს ჯერ ყველაფერი არ არის, თუმცა დეტალებს ჯერ არ გავამხელ. ასევე სამუშაოები მიმდინარეობს როვენსკისა და ჟიტომირის რეგიონებში”, – აღნიშნა ტიმოშენკომ.

ტიმოშენკოს თქმით, მსგავსი ნაგებობები იმ რეგიონებშიც ეწყობა, რომლებიც რუსეთს ესაზღვრება. ის ამბობს, რომ უკრაინელ მესაზღვრეებს აქვთ ყველა საჭირო ტექნიკა, რათა “მტრები შორ მანძილზეც დაინახონ”

“მნიშვნელოვანია, რომ საზღვრის მოწყობაზე სისტემურად მუშაობს რეგიონული მთავრობა და ადგილობრივი ბიზნესი. ყველას გვინდა დაცვა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მტრის ჰიპოთეზური წინსვლაც კი შევაჩეროთ”, – დასძინა ტიმოშენკომ.ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბელარუსი და რუსეთი ქმნიან ჯარების ერთობლივ “რეგიონულ დაჯგუფებას”, რომლის საჭიროება „განპირობებულია უკრაინის ტერიტორიიდან მოსალოდნელი დარტყმების საფრთხით“.

ამ გადაწყვეტილების ფარგლებში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების პირველი ნაკადი ბელარუსში 15 ოქტომბერს ჩავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთიდან ბელარუსში გადაისროლეს დაახლოებით 170 ტანკი, 200-მდე საბრძოლო მანქანა და 100-მდე საარტილერიო დანადგარი და ნაღმმტყორცნები, ასევე რუსეთის არმიის მინიმუმ 9 ათასი სამხედრო მოსამსახურე.

სამხედრო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ცდილობს ბელარუსის უშუალო ჩართვას უკრაინასთან ომში.

მსგავსი პოსტები

Back to top button