უკრაინა კასეტური საბრძოლო მასალის გაგზავნას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, დიდ სისხლიან ომში, რომელიც მსოფლიოს მომავალს განსაზღვრავს, იარაღის რაოდენობა მნიშვნელოვანია.
„დიდ სისხლიან ომში, რომელიც 16 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდება და რომელიც განსაზღვრავს მსოფლიოს მომავალს – იქნება ის უკანონო (რუსული) თუ საერთაშორისო სამართალი იარსებებს – იარაღის რაოდენობას მნიშვნელობა აქვს. ასე რომ, იარაღი, მეტი იარაღი და მეტი იარაღი, მათ შორის კასეტური საბრძოლო მასალები და არავითარი ლაპარაკი „რუსული გეგმებისა და შეშფოთების სასარგებლოდ“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
უკრაინის თხოვნის მიუხედავად გერმანია უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის გაგზავნის წინააღმდეგია, – როგორც „როიტერის“ წერს, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
„ჩვენთვის, როგორც მონაწილე სახელმწიფოსთვის, ოსლოს შეთანხმება მოქმედებს“, – განუცხადა ბერბოკმა ჟურნალისტებს.
აღნიშნული განცხადება ბერბოკმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის მსგავსი ტიპის შეიარაღების გადაცემას გეგმავს. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, როგორც კასეტური საბრძოლო მასალის შესახებ კონვენციის მონაწილე, გერმანია ამ იდეას ეწინააღმდეგება.
აშშ ამ კონვენციის მონაწილე არ არის.
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ უკრაინისთვის კასეტური იარაღის გადაცემის საკითხი განხილვის აქტიურ ფაზაშია, თუმცა გადაწყვეტილება ოფიციალურად ჯერ მიღებული არ არის.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ აპირებს 7 ივლისს გამოაცხადოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, 800 მილიონ დოლარიანი პაკეტის შესახებ, რომლის ნაწილი კასეტური საბრძოლო მასალები იქნება.
კასეტური იარაღი აკრძალულია საერთაშორისო კონვენციით (CCM), რომელშიც 2008 წლის მაისის შემდეგ გაერთიანებულია 111 ქვეყანა, მათ შორის გერმანია.
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსს “არ აქვს პოზიცია” უკრაინისთვის კასეტური ბომბების გადაცემასთან დაკავშირებით.
როგორც სტოლტენბერგი განმარტავს, ზოგიერთი მოკავშირე კასეტური ბომბების აკრძალვაზე თანხმდება, ზოგიერთი კი ვერა.
“ეს თავად უნდა გადაწყვიტონ სახელმწიფოებმა და არა NATO-მ”, – ამბობს სტოლტენბერგი.
მისივე თქმით, ახლა მსოფლიო ბრუტალური ომის წინაშე დგას, ამ ბრუტალურ ომში კი ორივე მხარე იყენებს კასეტურ საბრძოლო მასალებს, მათ შორის ის განსხვავებაა, რომ რუსეთი მას თავდასხმისთვის იყენებს, ხოლო უკრაინა თავდაცვისთვის.
თუმცა უფლებადამცავი ორგანიზაციები წინააღმდეგი არიან უკრაინისთვის ამ ტიპის იარაღის მიწოდებისა და ასეთივეა გერმანიის პოზიცია, განაცხადა ანალენა ბერბოკმა, იტყობინება Reuters-ი. როგორც რუსეთის, ისე უკრაინის არმიებმა გამოიყენეს კასეტური საომარი საშუალებები, რის გამოც იხოცებოდნენ უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეები, ნათქვამია უფლებადამცავი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის 6 ივნისის ანგარიშში.
„ჰიუმან რაითს ვოჩმა“ რუსეთს და უკრაინას მოუწოდა, არ გამოიყენონ კასეტური საბრძოლო მასალები, აშშ-ს კი მოუწოდა, არ გადასცეს ასეთი ტიპის შეიარაღება.