მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება

უკრაინის მზადება კონტრშეტევისთვის ფინალურ სტადიაზეა, – ამის შესახებ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

„მზადება სრულდება, რადგან, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიღების გარდა, ჩვენმა სამხედროებმა ისინი უნდა აითვისონ. ჩვენ მივიღეთ ძალიან თანამედროვე სისტემები“, – განაცხადა ალექსეი რეზნიკოვმა.

როგორც რეზნიკოვმა აღნიშნა, დასავლეთის მიერ დაპირებული ტექნიკის ნაწილი უკრაინამ უკვე მიიღო.

თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინამ მიიღო „ლეოპარდ-2“-ის, „ჩელენჯერის“ ტიპის ტანკები, ასევე სხვადასხვა სახის ჯავშანმანქანები, ასევე ელოდებიან „ლეოპარდ-1“-ის და „აბრამსის“ ტიპის ტანკების მიწოდებას.

ამასთან, რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ „აბრამსის“ ტიპის ამერიკული ტანკები ამ კონტრშეტევაში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა უკრაინელი სამხედროები მათი მართვის შესასწავლად უკვე გაემგზავრნენ.

რეზნიკოვის თქმით, უკრაინამ უკვე მიიღო 80 მილიარდზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება. ამასთან, კიევის სამხედრო დახმარებაში უმსხვილესი კონტრიბუტორი ამერიკის შეერთებული შტატებია.

კონტრშეტევა გადამწყვეტ ბრძოლად არ უნდა ითვლებოდეს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გადამწყვეტი ბრძოლა ის არის, რომელიც უკრაინული ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე მიგვიყვანს.

„ამ დასკვნის გაკეთება დასასრულს იქნება შესაძლებელი და არა ბრძოლის დასაწყისში… თუ საჭირო იქნება ერთი კონტრშეტევა – ერთი იქნება, თუ საჭირო იქნება ორი ან მეტი – ასე იქნება. ეს ის კონფლიქტი არ არის, რომლის გაყინვაც შეიძლება”, – განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, ხალხი, რომელიც უკრაინულ კონტრშეტევას გადამწყვეტ ბრძოლად განიხილავს, “უკრაინული ძალისხმევის სურათს ამახინჯებენ”. კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა გამარჯვებამდე იბრძოლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button