უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებას ომის მოგების შემდეგ უნდა ელოდოს

უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებას ომის მოგების შემდეგ უნდა ელოდოს, – ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა.
პენსმა აღნიშნა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ უნდა განიხილებოდეს „ომის დროს“ და უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას „ომის მოგების შემდეგ“ უნდა ელოდოს.
„გულწრფელად მჯერა, რომ როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერმა და დემოკრატიის არსენალმა, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ უკრაინელებს მიაწოდოს ის, რაც მათ სჭირდებათ ბრძოლისა და გამარჯვებისთვის და მოიგერიონ ეს არაპროვოცირებული რუსული შეჭრა, მაგრამ ნატო-ს წევრობის საკითხზე მე ვილაპარაკე ვოლოდიმირ ზელენსკისთან – ვფიქრობ, ყველა უნდა დაველოდოთ ომის მოგებას“, – განაცხადა პენსმა „სიენენთან“ ინტერვიუში.
როგორც მედია წერს, პენსი ჯერჯერობით ერთადერთი რესპუბლიკური საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელიც უკრაინას ეწვია. გასულ თვეში, უკრაინაში ვიზიტის დროს პენსი შეხვდა ზელენსკის და დაადასტურა, რომ აშშ და თავისუფალი სამყარო აგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს.
უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, როგორც კი წინაპირობები შესრულდება, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
„მესმის უკმაყოფილება და მოუთმენლობა, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, რომელშიც უკრაინაა, სრული თანაგრძნობა მაქვს. მაგრამ მიუხედავად ამისა, გარანტია არსებობს: უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, როგორც კი წინაპირობები შესრულდება. ეს არის შეთანხმება, რომელიც ადრე არ არსებობდა ასეთი სიცხადით“, – აღნიშნა ბორის პისტორიუსმა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედგაცრუება გამოთქვა სიტუაციის გამო და თქვა, რომ ეს იქნება „აბსურდი“, თუ უკრაინას არ მიენიჭება წევრობის ვადა.
ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინის ნატო-ში პირდაპირი შეყვანა, ჩვენ უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, რაც მიიყვანს უკრაინას ნატო-მდე და ჩვენ შევთანხმდით ამ ნაბიჯებზე, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.
მისივე თქმით, სჯერა, რომ უკრაინის ადგილი ნატო-შია.
„გუშინ ჩვენ მივიღეთ გარკვეული გადაწყვეტილებები უკრაინის ნატო-სკენ მიმავალ გზასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, იყო იმედგაცრუება უკრაინის მხრიდან. გვესმის, რომ უკრაინას სურს, ჰქონდეს მშვიდობა, რომელიც ნატო-ს ქოლგას მოაქვს, მაგალითად, ჩვენი ქვეყნებისთვის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილების უკან ყველა მოკავშირე დგას და ჩვენ ვიწყებთ ამ პროცესს, რათა უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდეს. როგორც უკვე აღვნიშნე, მე ნამდვილად მჯერა, რომ უკრაინის ადგილი ნატო-შია. ალიანსში ყოფნა გულისხმობს „ნაცრისფერი ზონის“ დასრულებას , რასაც გვინდა, რომ მივაღწიოთ.
გუშინ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული თავდაცვის ახალ გეგმებთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვითქვამს, რომ უკრაინა უნდა გაწევრიანდეს, ვიდრე ომი მიმდინარეობს. ეს არავის უკითხავს, არავინ უთხოვია არასდროს, არც უკრაინას. ყველას ესმის, რომ მათ არ შეუძლიათ გაწევრიანება, ვიდრე ომი მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევთანხმდით ამ პროცესზე, ვგულისხმობ იმას, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები ყოველწლიურად გადახედავენ პროცესს და ნახავენ, საით მიდის. ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინის ნატო-ში პირდაპირი შეყვანა, ჩვენ უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, რაც მიიყვანს უკრაინას ნატო-მდე და ჩვენ შევთანხმდით ამ ნაბიჯებზე. ჩვენ უნდა შევძლოთ, შევასრულოთ ყველა პირობა და შეიძლება იყოს ძალიან მოკლე დროის მონაკვეთი, როცა შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება, როგორც ეს ჩვენთვის მოხდა და როცა უკრაინა რუსეთს უკან დააბრუნებს, მათ ექნებათ შესაძლებლობა, შეუერთდნენ ნატო-ს“, – განაცხადა კაია კალასმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს განცხადებები ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთად ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ გააკეთა. მჯერა, ჩვენ ნატო-ს ვჭირდებით, ისევე როგორც ჩვენ გვჭირდება ნატო. დარწმუნებული ვარ, ომის დასრულების შემდეგ უკრაინა იქნება ნატო-ში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ამის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.
„მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, აშშ-ის კონგრესისა და ამერიკელი ხალხის, რომლებიც ნამდვილად ლიდერები არიან უკრაინის დახმარებაში. არ ვაპირებ, მოვძებნო არგუმენტები, რათა დავადასტურო, რომ ბაიდენს სურს უკრაინის ხილვა ნატო-ში. ეს არგუმენტები უნდა იყოს ორმხრივი. ეს ეხება ევროპის კონტინენტის აღმოსავლეთის უსაფრთხოებას და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებას. მჯერა, ჩვენ ნატო-ს ვჭირდებით, ისევე როგორც ჩვენ გვჭირდება ნატო. დარწმუნებული ვარ, ეს სამართლიანია და ომის დასრულების შემდეგ უკრაინა იქნება ნატო-ში. ამის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ. ჩვენ აშშ-თან გვაქვს ერთნაირი ხედვა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ჯო ბაიდენს უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
„კასეტურ საბრძოლო მასალას რაც შეეხება, არსებობს მომენტები, როცა მცირე დეტალებზე უთანხმოება გვაქვს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან. მინდა, მადლობა ვუთხრა პრეზიდენტ ბაიდენს, რადგან ვიცი, რომ ეს გადაწყვეტილება იყო გამოწვევა აშშ-ისა და კონგრესისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემას მხარი დაუჭირეს. მსურს, ამას განსხვავებული პერსპექტივიდან შევხედოთ, სამართლიანობის პერსპექტივიდან. რუსეთი მუდმივად იყენებს კასეტურ საბრძოლო მასალას ჩვენს ტერიტორიაზე. ისინი კლავენ ჩვენს ხალხს. იყენებენ შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას. ჩვენ კი ვამბობთ, რომ კასეტურ საბრძოლო მასალას გამოვიყენებთ მხოლოდ სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ და რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე. სხვაგან ეს იარაღი არ იქნება გამოყენებული. აუცილებელია სამართლიანობა. ნამდვილად არ არის სამართლიანი, რომ ოკუპანტს დაკავებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და კლავს ჩვენს ხალხს. როგორ უნდა დავიცვათ თავი? ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავს და არ ვიყენებთ იარაღს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე. რაც შეეხება სხვა შეიარაღებას, ჩვენ გვესაჭიროება შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება და ამ საკითხს წამოვწევ პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის კითხვით მიმართეს, რა მოლოდინები აქვს „დიდი შვიდეულისგან“, რა გარანტიებს მისცემენ უკრაინას.
„ჩვენ არ გვაქვს უსაფრთხოების რეალური გარანტიები ჩვენი პარტნიორებისგან. ვგულისხმობ იმას, რომ იურიდიულად ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების რეალური გარანტიები, ესენია: ფინანსური გარანტიები, არის გარანტიები სანქციების სახით, არის დახმარება, თავდაცვითი მხარდაჭერა და ეს შეიძლება, იყოს პირველი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ასახავს იმ ფაქტს, რომ ჩვენ გვაქვს ერთგვარი უსაფრთხოების ქოლგა, პირველი დოკუმენტი. უკრაინას ექნება ორმხრივი დოკუმენტები უკრაინის უსაფრთხოების ყველა გარანტიით და ეს მოიცავს ყველა იმ ასპექტს, რაც უკვე გვაქვს ან იმ ასპექტებს, რომლებსაც ახლა ვაჟღერებთ, როგორიცაა საჰაერო თავდაცვა, თვითმფრინავები. ახლა ყველა ეს ასპექტი განიხილება ორმხრივ დონეზე. უსაფრთხოების ქოლგა გაწევრიანების საშუალებას მისცემს სხვა ქვეყნებსაც. ასე რომ, ყველა პარტნიორისთვის ეს იქნება გაწევრიანების შესაძლებლობა. საუბარი დავიწყეთ ყველა პარტნიორთან, რომლებიც უკვე მეგობრობენ ჩვენთან, მაგრამ არ არიან „დიდი შვიდეულის“ ნაწილი. ვფიქრობ, ეს მართლაც მნიშვნელოვანი დამატებითი ნაბიჯია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.