უკრაინა ფორმალურად ჯერ ნატო-ს წევრი არაა, ქვეყანა, ფაქტობრივად, უკვე შეუერთდა ალიანსს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა ფაქტობრივად უკვე შეუერთდა ნატოს, თუმცა ფორმალურად არ არის ალიანსის წევრი.
„უკრაინა, როგორც ქვეყანა, და უკრაინის შეიარაღებული ძალები ნატოს წევრები გახდნენ. დე ფაქტო, და არა დე იურე. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს იარაღი და ვიცით, როგორ გამოვიყენოთ ის. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში დე იურე გავხდებით ნატოს წევრები“, – თქვა რეზნიკოვმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი არ დაეთანხმა მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ეს სიტყვები, შესაძლოა, ორაზროვნად ჩათვალონ არა მხოლოდ რუსეთში, არამედ თავად ნატო-შიც, რადგან ევროატლანტიკური ალიანსს არ სურს, რომ ომის მონაწილედ მიიჩნეოდეს.
რეზნიკოვმა ასევე განაცხადა, რომ დარწმუნებულია, უკრაინა დასავლეთისგან მიიღებს ტანკებს, საბრძოლო თვითმფრინავებს და შორ მანძილზე სასროლ რაკეტებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგმა დასავლურმა ქვეყანამ შეიცვალა დამოკიდებულება კიევისათვის იარაღის მიწოდებაზე.
ნატო მტკიცედ აცხადებს, რომ არ მონაწილეობს კონფლიქტში, უკრაინას კი შეიარაღებით ეხმარებიან ალიანსის ცალკეული წევრები.
თუმცა ნატოს წარმომადგენლებმა არაერთხელ გამოუხატეს უკრაინას მხარდაჭერა და მწვავედ დაგმეს რუსეთის მოქმედებები.