მნიშვნელოვანიმსოფლიო

უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის უკიდურესად გამწვავებაზე გაეროს უშიშროების საბჭო იმსჯელებს

გაეროს უშიროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს ქერჩის სრუტეში სიტუაციის უკიდურესად გამწვავების გამო. სხდომა თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

სააგენტო ფრანსპრესის ინფორმციით, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვეს როგორც უკრაინამ, ისე რუსეთმა. გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის, დიმიტრი პოლიანსკის განცხადებით, მოსკოვი მოითხოვს, რომ სხდომაზე განიხილონ ქერჩის სრუტეში სიტუაციის საშიში განვითარება და მისი თანმდევი მოვლენები. გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის, ვლადიმირ ელჩენკოს ინფორმაციით, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს დავალებით მოითხოვეს უშიშროების საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევა, რადგან აგრესორის თავხედური ქმედებების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ კოორდინირებული ძალისხმევით.

გამთენიისას ქერჩის სრუტესთან რუსმა მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს სამ უკრაინულ სამხედო გემს, რომლებიც შავი ზღვიდან აზოვის ზღვისკენ მიემართებოდნენ. კიევის ოფიციალური ინფორმაციით, დაჭრილია 6 სამხედრო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გემებზე სულ 23 მეზღვაური იმყოფებოდა. შტაბის განცხადებითვე, რუსეთის მიერ დატყვევებული მეზღვაურების და გემების ბედი უცნობია. კიევმა რუსეთის ქმედება აგრესიის აქტად შეაფასა და შეიარაღებულ ძალებში სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, უკრაინულმა გემებმა რუსეთის საზღვარი დაარღვიეს, არ დაემორჩილნენ საშიში მანევრების შეწყვეტის მოთხოვნას, ამიტომ მათ შესაჩერებლად აუცილებელი გახდა იარაღის გამოყენება. რუსეთის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, სამ დაჭრილ უკრაინელ მეზღვაურს სამედიცინო დახმარება გაეწია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავის მხრივ, უკრაინა ირწმუნება, რომ გემებს, რომლებიც ოდესიდან მარიუპოლისკენ მიემართებოდნენ, ნაოსნობის საერთაშორისო წესები არ დაურღვევიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button