უკრაინა რუსეთის ულტიმატუმებს არ დაემორჩილება-უკრაინის პრეზიდენტი

რუსეთის ულტიმატუმებზე ყველაზე რთულ მომენტში თუ არ წავედით, საიდან არის მოლოდინი, რომ უკრაინა ახლა წავა ამაზე? რუსეთის ულტიმატუმებზე წასვლას არ ვაპირებ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთში ვიზიტის დროს განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში რუსეთმა ულტიმატუმი დააყენა, რომელიც მოიაზრებდა უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირებას, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უკრაინაში პრორუსული მთავრობის დაყენებას, “რათა ის სრულიად პუტინის ვერტიკალში ყოფილიყო”.
„რუსეთი დაესხა თავს უკრაინას და ჩვენ არ გვქონდა სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ აგვეღო იარაღი და დაგვეცვა თავი. არ ყოფილა არანაირი დიპლომატია, რადგან რუსეთი დაგვესხა თავს, დაესხა თავს უკრაინას ღამით და უკრაინელებმა აიღეს იარაღი და დაიწყეს თავიანთი ქვეყნის დაცვა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
„ჩვენ თუ არ წავედით ყველა ამ ულტიმატუმზე ყველაზე რთულ მომენტში, რატომ გვაქვს შეგრძნება, რომ უკრაინა ამას ახლა გააკეთებს?“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
“და ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ახლა რაღაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ის იგივე განწყობით მიმდინარეობს, მაგრამ ის რუსეთის წარმომადგენლებსა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შორის ხდება. უკრაინაზე, კვლავ უკრაინაზე და უკრაინის გარეშე. საინტერესოა, თუ ყველაზე რთულ მომენტში არ წავედით ყველა ამ ულტიმატუმზე, საიდან არის იმის მოლოდინი, რომ უკრაინა ახლა წავა ამაზე?”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსებთან შეთანხმებები არც მათ მიერ კიევის ოლქის ოკუპაციის პერიოდში არ ყოფილა, არც ბელარუსში შეხვედრის დროს და არც თურქეთში შეხვედრის დროს.
“მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტს, არავისთვის არაფრის გარანტიები არ მიმიცია, არავისთვის არაფერი არ დამიდასტურებია. მითუმეტეს, რუსეთის ულტიმატუმებზე წასვლას არ ვაპირებდი და არც ვაპირებ!” , – განაცხადა ზელენსკიმ.