უკრაინამ კიევის თავზე 40-ზე მეტი საჰაერო სამიზნე გაანადგურეს
კვირა ღამეს კიევი რუსული დრონების მასობრივი თავდასხმის სამიზნე გახდა. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 40-მდე უპილოტო საფრენი მოწყობილობის ჩამოგდება მოახერხეს. დაიღუპა ერთი ადამიანი.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი პოპკომ განაცხადა, რომ ეს დრონებით ყველაზე მასიური თავდასხმა იყო დედაქალაქზე, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
“წინასწარი ინფორმაციით, მტერმა Shahed-ები გამოიყენა. უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმასთან ერთად, მტრის TU-95MS-მა კასპიის რეგიონიდან ფრთოსანი რაკეტები გაუშვა, სავარაუდოდ, Kh-101/555 ტიპის. ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა 40-ზე მეტი საჰაერო სამიზნე აღმოაჩინეს და გაანადგურეს. კიევზე თავდასხმა დაუშვებელია!”- აღნიშნა პოპკომ.
თავდასხმისას გამოყენებული იყო „თვითმკვლელი დრონები“. უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში დაზიანდა შენობები, გაჩნდა ხანძარი. რიგ შემთხვევებში, ხელისუფლების მონაცემებით, საქმე ეხებოდა დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენას.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის თანახმად, მთლიანობაში, კვირა ღამით, რუსეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე “შაჰედის” ტიპის 54 დრონი გაუშვა. უკრაინის მხარის მტკიცებით, მათგან 52 ჩამოაგდეს.
კვირა ღამეს საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის 12 რეგიონში, ვოლინიდან დნეპრამდე. გავრცელდა ინფორმაცია აფეთქებებზე ჟიტომირის, სუმსკის და ჩერკასკის ოლქებში. ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ ზუსტდება. ორი ადამიანი დაიღუპა ხარკოვის ოლქში, ხელისუფლების ცნობით, საჰაერო თავდასხმებისა და დაბომბვის შედეგად.
“კიევი და ყველა ჩვენი ქალაქი, მთელი ჩვენი უკრაინა ბოლოს მოუღებს მოსკოვის დესპოტიზმის ისტორიას, რომელმაც ბევრი სხვადასხვა ხალხი დაიმონა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.
ვიდეომიმართვის დროს ის არ იმყოფებოდა ოთახში, როგორც ჩვეულებრივ, არამედ საღამოს შუქზე იყო ქუჩაში, პრეზიდენტის ოფისის წინ, კიევში.
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ წარმატებით, თითქმის მთლიანად მოიგერია რუსული უპილოტო საფრენი მოწყობილობების ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა ომის დაწყების შემდეგ, განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ მოსკოვი კიევის დაბადების დღის ჩაშლას ცდილობდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უპილოტო საფრენი მოწყობილობების თავდასხმის შესახებ ცნობებზე კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის უპილოტო საფრენი მოწყობილობები, რუსული საინფორმაციო სააგენტო “ტასის” ცნობით, ცდილობდნენ ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმას, კრასნოდარის მხარეში. ყველა მათგანი, ხელისუფლების ცნობით, ჩამოგდებული იქნა, არავინ დაშავებულა.
უკრაინელ სამხედროებს ამ ცნობებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 207 030 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 29 მაისამდე პერიოდს.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი – 3801
ჯავშანტექნიკა – 7467
საარტილერიო სისტემა – 3435
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 575
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 331
თვითმფრინავი – 313
ვერტმფრენი – 298
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3054
ფრთოსანი რაკეტა – 1056
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 6207
სპეცტექნიკა – 453
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.