მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინამ მიიღო საზენიტო-სარაკეტო სისტემები NASAMS-ი და Aspide

უკრაინამ მიიღო საზენიტო-სარაკეტო სისტემები NASAMS-ი და Aspide. ამის შესახებ ტვიტერზე უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი წერს.

“ნახეთ ვინ არის აქ!
NASAMS და Aspide საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში ჩავიდა!
ეს იარაღი მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის არმიას და გახდის ჩვენს ცას უფრო უსაფრთხოს.
ჩვენ გავაგრძელებთ მტრის სამიზნეების ჩამოგდებას.
მადლობა ჩვენს პარტნიორებს: ნორვეგიას, ესპანეთს და აშშ-ს.”- წერს რეზნიკოვი და პარტნიორებს ნორვეგიას, ესპანეთსა და აშშ-ს მადლობას უხდის.

NASAMS-ი აშშ-ისა და ნორვეგიის მიერ ერთობლივად შექმნილი საშუალო რადიუსის მობილური საზენიტო-სარაკეტო სისტემაა, რომელიც განკუთვნილია საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად დაბალ და საშუალო სიმაღლეზე ნებისმიერი ამინდის პირობებში.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ადრე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აპირებს, უკრაინას მიაწოდოს ამ თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემის რვა ერთეული, როგორც უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ნაწილი.

27 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნოემბრის დასაწყისში, აშშ უკრაინას გადასცემდა საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებსაც (NASAM-ი). ლაპარაკია 2 ერთეულზე.

Aspide უკრაინას ესპანეთმა გადასცა. ახლო მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ამ სისტემას 12 კილომეტრის რადიუსში 6 კილომეტრის სიმაღლეზე არსებული სამიზნეების განადგურება შეუძლია.

ამავდროულად, გუშინ, ევროკომისიის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომავალ კვირას ევროკომისია უკრაინას 18 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პროგრამას წარუდგენს. დახმარების პროგრამა ითვალისწინებს უკრაინის ბიუჯეტის დაფინანსებას თვეში 1,5 მილიარდ ევრომდე, რაც ჯამში 18 მილიარდ ევრომდეა.

ევროკომისიის პრესსამსახურის ცნობით, მომავალ კვირას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის 2023 წლის ფინანსური დახმარების გეგმას გააცნობს. ევროკომისიის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი აგრძელებს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას, განსაკუთრებით ზამთარში.

მსგავსი პოსტები

Back to top button