უკრაინამ პარტნიორებისგან უკვე მიიღო კამიკაძე დრონები

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, უკრაინამ პარტნიორებისგან უკვე მიიღო კამიკაძე დრონები.
“უპილოტო საფრენი აპარატები სამხედრო კონფლიქტების განუყოფელ ფაქტორად იქცა. ჩვენ გვაქვს Bayraktar TB 2 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი. ასევე გვაქვს კამიკაძე დრონები, რომლებიც პარტნიორებმა მოგვაწოდეს, ისინი გამოიყენება.
და ჩვენ ველოდებით უახლეს დრონს – გვქონდა Switchblade 300 და ჩვენი პარტნიორები უკვე მოგვცემენ Switchblade 600 უპილოტო საფრენი აპარატების რამდენიმე კომპლექტს. ეს არის ასევე უახლესი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელსაც აქვს ძალიან მძლავრი შესრულების მახასიათებლები და ვიმედოვნებთ, ეს უკრაინის საბრძოლო მოქმედებებში გამოჩნდება,” – თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.
იგნატი ამბობს, რომ არის გარკვეული შიდა განვითარება უპილოტო საფრენი აპარატების კუთხით, მაგრამ მისი თქმით, უკრაინელებს ჯერჯერობით მხოლოდ პარტნიორების დახმარების იმედი აქვთ.
14 სექტემბერს, ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.
ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლება რამდენიმე ათეული ირანული დრონის განადგურებას იუწყებოდა.
თუმცა ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ “ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს”.
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინა უკვე წარმატებულად რეაგირებს საჰაერო საფრთხეზე, მოკავშირეების მხრიდან მიწოდებული დახმარება კი თანდათან ჩაანაცვლებს ძველ სისტემებს და გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას.
იენს სტოლტენბერგმა აღნიშნულის შესახებ „დოიჩე ველეს“ გადაცემა „კონფლიქტის ზონასთან“ საუბარისას განაცხადა.
„ვფიქრობ, იარაღს, რომელსაც ჩვენ ახლა ვაწვდით, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. უკრაინელებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას, მათ ჩამოაგდეს ბევრი რუსული რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი. მომავალში სიტუაცია კიდევ უფრო შეიცვალა – ახლა აქტიურდებიან მოკავშირეები“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგმა უკრაინისთვის გერმანიის მიერ მიწოდებულ საჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემაზე, IRIS-T-ზე ისაუბრა და ასევე ახსენა, აშშ-ისა და რამდენიმე მოკავშირის მიერ რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე დაპირება, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალები მიაწოდონ.
სტოლტენბერგის თქმით, დასავლეთის მიერ თავდაპირველად მიწოდებულმა დახმარებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უკრაინის სამხედრო კამპანიაში.
„ეს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა განპირობებული იყო უკრაინელი სამხედროების უნარით, გამოეყენებინათ საჰაერო თავდაცვის ძველი საბჭოთა სისტემები, რომლებიც მათ უკვე ჰქონდათ. ნატო-ს მოკავშირეები მათ ამ სისტემებისთვის საბრძოლო მასალებს აწვდიდნენ, შემდეგ კი უკვე დაიწყეს ახალი სისტემების მიწოდება. გერმანული სისტემა ახლა აჩვენებს, რომ გერმანია უკრაინას აწვდის ნამდვილად მნიშვნელოვან სიმძლავრეებს. მათი მნიშვნელობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.