მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინამ რუსეთის საბრძოლო გემი დააზიანა

უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 20-ვე დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რომ დააზიანეს რუსეთის საბრძოლო გემი, რომელიც კალინინგრადის ანკლავთან, ბალტიის ზღვაში იყო განთავსებული.
თუ დადასტურდება, ეს ცნობა იქნება ნიშანი კიევის მზარდი შესაძლებლობისა, მიზანში ამოიღოს კრემლის ობიექტები საზღვრებიდან მოშორებითაც.
X-სა და Telegram-ზე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში, დაზვერვა ამბობს, რომ ხანძარმა, რომელიც სარაკეტო გემს, “სერპუხოვს” გაუჩნდა, მთლიანად დააზიანა ხომალდის საკომუნიკაციო და ავტომატიზაციის შესაძლებლობები. უწყება ამბობს, რომ “სერპუხოვის” საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენას დიდი დრო დასჭირდება.

“2024 წლის 7 აპრილს რუსეთის კალინინგრადის ოლქის ქალაქ ბალტიისკში მტრის სამხედრო-საზღვაო ბაზის ტერიტორიაზე ხანძრის გამო, სარაკეტო ხომალდი “სერპუხოვი” დაიწვა. “სერპუხოვი” არის რუსული გემი, რომელიც აგრესორმა სახელმწიფომ 2015 წელს გაუშვა. სარაკეტო ხომალდის შიგნით გაჩენილი ხანძრის გამო, მისი საკომუნიკაციო საშუალებები და ავტომატიზაცია მთლიანად განადგურდა. მისი საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენას დიდი დრო დასჭირდება,” – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი დეპარტამენტის განცხადებაში.

აღნიშნულს რუსული მხარე ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

ეს უკრაინის პირველი თავდასხმაა რუსეთის ხომალდზე ბალტიის ზღვაში, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კიევის ძალების სამიზნე რამდენჯერმე გახდა რუსეთის საბრძოლო გემები შავ ზღვაში.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან უკრაინა გრძელი რადიუსის რაკეტებით იღებს მიზანში ობიექტებს რუსეთის სიღრმეში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, რომ 9 აპრილის ღამეს რუსული ჯარები უკრაინას “შაჰიდის” ტიპის 20 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს. უწყება ამბობს, რომ ყველა ჩამოაგდეს.

დრონები ჩამოაგდეს ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავას, ვინიცას და ლვოვის რეგიონებში. უკრაინის სამხრეთის ძალებმა განმარტეს, რომ ოდესაში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო კერძო სახლის ეზო დაზიანდა, გაწყდა ელექტროგადამცემი ხაზი.
“9 აპრილის ღამეს რუსული ჯარები უკრაინას Shahed-ის ტიპის 20 უპილოტო საფრენი აპარატით თავს დაესხნენ. ყველა მათგანი ჩამოვაგდეთ.

დრონები ჩამოვაგდეთ ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავას, ვინიცას და ლვივის რეგიონებში”, – ნათქვამია განცხადებაში. ზარალთან დაკავშირებით ინფორმაცია ზუსტდება.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button