უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 22 უკრაინელი სამხედრო დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 22 უკრაინელი სამხედრო გაათავისუფლა. მათ შორის არიან ოფიცრები, რიგითები და სერჟანტები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და უკრაინის ომბუდსმენი დმიტრი ლუბინეცი ავრცელებენ.
როგორც ერმაკი ამბობს, გათავისუფლებულებს შორის რამდენიმე დაჭრილიცაა. ყველა მათგანი ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და რეინტეგრაციის კურსს გაივლის.
როგორც ერმაკმა აღნიშნა, საჭიროა უკრაინის პრეზიდენტის მიერ დასახული ამოცანის შესრულება და ყველა უკრაინელის გათავისუფლება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პატიმართა გაცვლაზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.
რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმართა გაცვლის წინა შემთხვევაზე ინფორმაცია 6 ივლისს გავრცელდა.
ცნობისთვის, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა რიგით 48-ე გაცვლა განხორციელდა. უკრაინამ სულ 2 598 ადამიანი დაიბრუნა.