მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავე დროს კანდიდატის სტატუსიც

ევროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.

შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავე დროს კანდიდატის სტატუსიც. ეს იმის საფუძველზე უნდა მოხდეს, რომ განხორციელდება შემდგომი რეფორმები…

ჩვენ ერთი ნათელი გზავნილი გვაქვს – დიახ, უკრაინა იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას, დიახ, უკრაინა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

რაც შეეხება მოლდოვას, ჩვენ აქაც ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოლდოვას მიეცეს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი…

რაც შეეხება საქართველოს, საქართველო იზიარებს იგივე პოტენციალს, რომელიც უკრაინას და მოლდოვას გააჩნია. მისი განაცხადი ძლიერია, განსაკუთრებით საბაზრო ორიენტაციის, ეკონომიკის, ძლიერი კერძო სექტორის მიმართულებით. წარმატებისთვის ახლა პოლიტიკურად უნდა მოხდეს შეკვრა და ქვეყანამ განსაზღვროს სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი ევროკავშირის მიმართულებით და ეს გზა უნდა იყოს ასოცირებული აუცილებელ რეფორმებთან, სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებასთან და საერთო პოლიტიკური მხარდაჭერის მიმართულებით, ამიტომ ვიძლევით რეკომენდაციას, ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს საქართველოს, შემდეგ კი დავუბრუნდეთ საკითხს და ვნახოთ, რამდენად აკმაყოფილებს პირობებს, სანამ მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს”,- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ჩვეულებრივ სიტუაციაში უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ვერ იქნებოდა, ამას ომის გამო ვაკეთებთ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგულ ტელეკომპანია “ბიეფემთან” ინტერვიუში განაცხადა.

მაკრონის თქმით, უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია.

“გზა გრძელი იქნება, მაგრამ ეს არის იმედის ნიშანი. ეს ასევე არის რუსეთის მისამართით გაკეთებული გზავნილი”, – აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მოლდოვას შეუძლია, გახდეს ევროკავშირის კანდიდატი.
მივესალმები ევროპული კომისიის დასკვნას უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს არის პირველი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რომელიც აუცილებლად დაგვაახლოებს ჩვენს გამარჯვებასთან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერში“ წერს.

ზელენსკი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალ კვირას დაგეგმილი შეხვედრის დროს ევროპული საბჭო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

„მადლობელი ვარ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკომისიის თითოეული წევრის ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებისთვის. მომავალ კვირას ველოდები დადებით შედეგს ევროპული საბჭოსგან,“- წერს პრეზიდენტი ზელენსკი.

შეგახსენებთ, ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button