უკრაინას სრული გამარჯვებისთვის კიდევ 1 წელი დასჭირდება
რუსეთის დანაკარგები უკრაინის წინააღმდეგ ომში მოკლული და დაჭრილი ჯარისკაცების სახით 200 ათასს მიუახლოვდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის მრჩეველი, გენერალი ვიქტორ ნაზაროვი ამბობს, რომ ომი რუსეთთან, შესაძლოა, კიდევ 1 წელი გაგრძელდეს და ის უკრაინის გამარჯვებით უნდა დასრულდეს. ეს განცხადება ნაზაროვმა Spiegel-თან ინტერვიუში გააკეთა.
როგორც გენერალმა აღნიშნა, ის 1-წლიან ომს ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში პროგნოზირებდა. მისი თქმით, უკრაინას სრული გამარჯვებისთვის კიდევ 1 წელი დასჭირდება.
ნაზაროვი ამბობს, რომ რუსეთის დაძლევა სავსებით რეალურია და ამ ომს ზუსტად ასეთი შედეგი ექნება. გენერალმა აღნიშნა, რომ უკრაინა შეძლებს რუსეთის ჯარი საკუთარი ტერიტორიიდან განდევნოს და ამის მაგალითი ხარკივი და ხერსონია.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთმა დაკარგა დაახლოებით 151 370 სამხედრო, მათ შორის 765 დაიღუპა ბოლო 24 საათის განმავლობაში – იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთის დანაკარგები უკრაინის წინააღმდეგ ომში მოკლული და დაჭრილი ჯარისკაცების სახით 200 ათასს მიუახლოვდა.
ნოემბერში აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ რუსეთის დანაკარგები ომში სულ მცირე 100 000 მოკლულსა და დაჭრილს შეადგენს.
რუსეთი თავისი დაღუპულების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირადი შემადგენლობის დანაკარგის, 5 937 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ბოლო ცნობა 2022 წლის 21 სექტემბერს გაავრცელა.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.