უკრაინაში 2023 წლის დეკემბერში 592 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაიჭრა რაც წინა თვესთან შედარებით 26.5 პროცენტით მეტია
ომი გრძელდება უკრაინაში
უკრაინაში 2023 წლის დეკემბერში, სულ მცირე, 592 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაიჭრა, რაც წინა თვესთან შედარებით 26.5 პროცენტით მეტია, – ამის შესახებ უკრაინაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ანგარიშშია აღნიშნული.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დეკემბერში მშვიდობიან მოსახლეობაში დაფიქსირებული მსხვერპლის ზრდა არღვევს 2023 წელს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის კლების ტენდენციას.
„დეკემბერში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ 29 და 30 დეკემბერს უკრაინის მასშტაბით განხორციელებული სარაკეტო და საბრძოლო მასალით თავდასხმების გაძლიერებით“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვისა და დაშავების შემთხვევების 84% და საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ობიექტების დაზიანების შემთხვევების 92% მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაფიქსირდა.
ხარკოვის ოლქის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ 26 სოფლის ევაკუაცია გამოაცხადა. კუპიანსკის რაიონის კონტრაშევსკაიასა და კურილოვსკაიას თემებიდან ადგილობრივი მოსახლეობის გაყვანა, რუსული არმიის სახიფათო შეტევების გამო გახდა საჭირო. აღნიშნულ თემებში 3043 ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან 279 ბავშვია.
ადგილობრივი ხელისუფლება პირობას დებს, რომ ყველა ევაკუირებული დაკმაყოფილდება საცხოვრებლით
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ორი სოფელი დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. ხერსონის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის თქმით, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“სოფელ ტიაგინკაში 42 წლის ქალს და 38 წლის კაცს მტერი ქუჩაში სეირნობისას დაესხა თავს. მათ ჭრილობები აღენიშნებათ და სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილნი. გარდა ამისა, დაახლოებით 11:30 საათზე, რუსეთის არმიამ ბილოზერკაში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა. დაშავებულია 44 წლის კაცი. მტრის თავდასხმის დროს ის სახლის ეზოში იმყოფებოდა,” – წერს პროკუდინი Telegram-ზე.
ომი გრძელდება უკრაინაში – საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში ბალისტიკური იარაღით შესაძლო თავდასხმის გამო ჩაირთო. თავდაცვის ძალებმა, უკრაინის სამხრეთით, ორი რუსული სადაზვერვო დრონი ჩამოაგდეს.
დაიბომბა დონეცკის ოლქი, დაზიანდა 3-სართულიანი საცხოვრებელი შენობა, ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო სამაშველო სამუშაოები, დაკარგულად მიიჩნევა 5 ადამიანი, დაშავებულია 3. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინულმა ავიაციამ რუსულ პოზიციებზე 22 დარტყმა განახორციელა. ფრონტზე თავდაცვის ძალებსა და რუს სამხედროებს შორის 86 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას – შვეიცარიის პრეზიდენტი უკრაინის აღდგენისთვის 1 700 000 000 დოლარის გამოყოფას გეგმავს, გაერო კი, უკრაინელი ლტოლვილების დახმარებისთვის, 4 2 000 000 დოლარის პაკეტს ამზადებს.