მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში 4500-ს უახლოვდება დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში 4500-ს უახლოვდება დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი. საუბარია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ დადასტურებულ შემთხვევებზე.

ოფისის მონაცემებით, უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის დღიდან, 24 თებერვლიდან 15 ივნისის ჩათვლით, მოკლულია 4481 სამოქალაქო პირი, მათ შორის 284 ბავშვი.

საომარი მოქმედებებისას უკრაინაში დაიჭრა 5565 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან 462 ბავშვია.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის თანახმად, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი, ძირითადად, გამოწვეულია მძიმე არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით განხორციელებული შეტევებისა და სარაკეტო და საჰაერო დარტყმების შედეგად.

ამასთან, უმაღლესი კომისრის ოფისში განმარტავენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გაცილებით მეტია. უკრაინის ბევრი რაიონიდან ჯერჯერობით ვერ ხერხდება ინფორმაციის მიღება და გადამოწმება. მათ შორის დასახელებულია დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, ხარკოვის ოლქის ქალაქი იზიუმი და ლუგანსკის ოლქის ქალაქი პოპასნაია, საიდანაც ვრცელდება ცნობები მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის შესახებ. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მხოლოდ მარიუპოლში მოკლულია 20 ათასამდე სამოქალაქო პირი.

ხოლო უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 322 ბავშვი მოკლეს, 581-ზე მეტი კი დაშავდა.

📌ყველაზე მეტი – 301 ბავშვი დონეცკის რეგიონში დაზარალდა

📌ხარკოვის ოლქში – 170

📌კიევის ოლქში – 116

📌ჩერნიგოვში – 68

📌ხერსონში – 52

📌ნიკოლაევში – 48

📌ლუგანსკში – 54

📌ზაპოროჟიეში – 30

📌სუმში – 17

📌ჟიტომირში – 15

📌დედაქალაქში – 16″, – აღნიშნულია პროკურორის ოფისის ინფორმაციაში.

რუსული ძალების დაბომბვის შედეგად 2 028 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 209 კი მთლიანად განადგურდა.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button