მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

ომის 267-ე დღე უკრაინაში

ომის 267-ე დღეს უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. აფეთქებების ხმა ისმოდა უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ერთ-ერთი მათგანი ანექსირებულ ყირიმში, ერთ-ერთ ქალაქში მოხდა.

პარალელურად, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რუსული ომის შედეგად დაღუპული ბავშვების სტატისტიკა განაახლა – ამ დროისთვის ომს 431 არასრულწლოვანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 835-ია.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, გრძელდება უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლება და განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა. როგორც ცნობილია, მიკოლაივში წყლის მიწოდება მალე განახლდება, ხერსონში კი ელექტროენერგია სრულად აღდგება.

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის მახლობლად ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარეს.

როგორც გენშტაბში ამბობენ, უკრაინის ჯარი დნიპროს სანაპიროზე არის განლაგებული.

“ჩვენმა სამხედროებმა მიაღწიეს მდინარე დნეპროს სანაპიროს, რაც საშუალებას გვაძლევს გავაკონტროლოთ ტერიტორია დროებით ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულთან. საარტილერიო ჯარისკაცები და ზოგადად უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მტერს დაარტყან ჩვენი იარაღის მაქსიმალური დიაპაზონის ფარგლებში”, – აცხადებენ გენშტაბში.

კიევის ოლქში ოთხი რუსული რაკეტა და ხუთი კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავი, „შაჰედი“ ჩამოაგდეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ორი უპილოტო საფრენი აპარატი კიევის წყალსაცავის თავზე გაანეიტრალა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ექვსი რაკეტა ჩამოაგდეს ოდესის ოლქის ტერიტორიაზე. გავრცელებული ცნობით, ოდესის რეგიონზე შეტევა რუსმა სამხედროებმა შავი ზღვიდან „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით განახორციელეს.

პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინის ქალაქებში სინათლისა და გათბობის ნაკლებობა უკრაინის ხელისუფლების ქმედებების შედეგია, რომელსაც პრობლემის გადაჭრა არ სურს.

მსგავსი პოსტები

Back to top button