Sbnation: ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტის” კალათბურთელია!

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია კარიერას “გოლდენ სტეიტში” გააგრძელებს.

როგორც sbnation.com-ი იტყობინება, ფაჩულიას აგენტსა და კლუბს შორის საბოლოო შეთანხმება მოხდა და ქართველი კალათბურთელი ახალ გუნდთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

წყაროს ცნობით, ხელფასის სახით, 32 წლის ფაჩულია წელიწადში 2,9 მლნ. დოლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო სეზონში ფაჩულიამ “დალასში” გაატარა, რომელიც მის კარიერაში საუკეთესო გამოდგა. მან გასულ სეზონში
“დალასში” 76 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 69-ში სასტარტოში იყო. ფაჩულია საშუალოდ მატჩში 8.6 ქულასა და 9.4 მოხსნას აგროვებდა.

რაც შეეხება “გოლდენ სტეიტს”, 2015/16 წლების სეზონში გუნდი NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც “კლივლენდთან” სერიაში ანგარიშით 3:4 დამარცხდა. ხოლო 2014/15 წლების სეზონში “გოლდენ სტეიტი” NBA-ს რეგულარუი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. სულ ისტორიაში კი გუნდმა NBA 4-ჯერ 1947, 1956, 1975 და 2015 წლებში მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ზაზა ფაჩულია ისეთი ვარსკვლავების გვერდზე ითამაშებს, როგორებიც არიან სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, დრეიმონდ გრინი და კევინ დურანტი. კევინ დურანტი “გოლდენ სტეიტში” “ოკლაჰომიდან” გადავიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button