უკრაინაში ბავშვების მკვლელობისთვის გაერომ რუსეთი შავ სიაში შეიყვანა
რუსეთის სამხედრო ძალებმა 91 ბავშვი ცოცხალ ფარად გამოიყენეს

გაერო-მ რუსეთი, 2022 წელს უკრაინაში 136 ბავშვის მკვლელობისთვის, დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს უშიშროების საბჭოს ანგარიშში, რომლის შინაარსი სააგენტოსთვის ცნობილი გახდა.
Reuters-ის ცნობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსულმა ძალებმა და მათთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა „დაასახიჩრეს 518 ბავშვი ამავე ანგარიშში, რომელიც მომავალ კვირაში უნდა გამოქვეყნდეს და რომელმაც გამოჟონა და მედიას ჩაუვარდა ხელში, ლაპარაკია იმაზე, რომ უკრაინის არმიის მოქმედების შედეგად დაიღუპა 80 ბავშვი ასევე 480 თავდასხმა განახორციელეს უკრაინის სკოლებსა და საავადმყოფოებზე“. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალებმა 91 ბავშვი ცოცხალ ფარად გამოიყენეს.
ანგარიშის ავტორია გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სპეციალური წარმომადგენელი ბავშვთა და შეიარაღებული კონფლიქტების საკითხებში ვირჯინია გამბა. ის გასულ თვეში უკრაინასა და რუსეთს ეწვია.
ვირჯინია გამბა რუსეთში ბავშვთა უფლებების დამცველს, მარია ლვოვა-ბელოვას შეხვდა, რომლის მიმართაც ჰააგის სასამართლომ, უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო, დაპატიმრების ორდერი გასცა.
ამავე ანგარიშში საუბარია, რომ გასული წლის განმავლობაში, კონფლიქტების ფონზე ბავშვთა მიმართ ძალადობა მსოფლიოს 24 ქვეყანაში გამოვლინდა და ამან 13 469 ბავშვი დააზარალა, მათ შორის 2 985 დაიღუპა. ასეთ ქვეყანათა სიაშია მიანმარი, სამხრეთ სუდანი, ცენტრალური საჰელის ქვეყნები, მათ შორის ბურკინა ფასო. ასევე, გაერო-ს მონაცემებით, ძალადობამ იმატა კოლუმბიაში, ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებზე, ლიბანში, ლიბიაში, მალიში, ნიგერიაში, სუდანსა და სირიაში.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის მთავრობის პორტალის, Children of War-ის ცნობით, უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად, 2023 წლის ივნისის მონაცემებით 490 ბავშვი დაიღუპა და 1028 დაშავდა.
ამასთან ბავშვების რიცხვი, რომლებიც უკრაინაში ომის დროს დაიღუპნენ, სავარაუდოდ, ბევრად მაღალია, ვიდრე ის გაეროს მოჰყავს. საერთაშორისო ორგანიზაციები სტატისტიკაში მხოლოდ ოფიციალურად რეგისტრირებულ შემთხვევებს რთავენ.