უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

რუსეთის აგრესიას უკრაინაში კიდევ ორი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი ბახმუტთან საარტილერიო დაბომბვისას დაეცნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროები და უკრაინის ქართული დიასპორა ავრცელებენ.
როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართველი მედიასთან საუბარში ყვება, მალხაზ კვიჟინაძე ლისიჩანსკის მიმართულებით დაიღუპა.
ჩვენ ვიბრძვით ლისიჩანსკის მიმართულებით. ნაღმმტყორცნი დაეცა სანგარში. მალხაზი კვიჟინაძე ქუთაისიდან. შვილები დარჩა მარტო, მეუღლეც გარდაცვლილი ჰყავს 4 შვილის მამა იყო. პატრიოტი ბიჭი, ჩამოვიდა ჩვენს გვერდით იბრძოდა პირველივე დღიდან, გამოცდილი სამხედრო იყო. ომის დაწყების დღიდან ერთად შემოვედით, ერთად ვიბრძოდით. ერთი პერიოდი ზარინით იყო მოწამლული”, – თქვა უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა
მალხაზ კვიჟინაძე გამოცდილი სამხედრო იყო. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე მონაწილეობდა ე.წ. АТО-ში – უკრაინის ხელისუფლების ანტიტერორისტულ ოპერაციაში (2016 წლიდან).
„ასევე მონაწილეობას იღებდა გოსტომელის აეროპორტისათვის ბრძოლაში, რომლის დროსაც მძიმედ მოიწამლა ქიმიური ნივთიერებით. საზღვარგარეთ მკურნალობის შემდეგ კვლავ დაბრუნდა ფრონტის ხაზზე“, – განაცხადა უკრაინაში მებრძოლმა ნადიმ ხმალაძემ.
ჯონი ოდიშვილი დაჭრილი გამოიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეს ჭურვის ნამსხვრევები თავის არეში ჰქონდა მოხვედრილი.
მალხაზ კვიჟინაძეს და ჯონი ოდიშვილს სამშობლოში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომში 47 ქართველი სამხედრო დაიღუპა.