მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში კვლავ ინტენსიური ბრძოლები მიმდინბარეობს

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, სამხრეთით ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებით, უკრაინელებმა ხერსონის ოლქიდან კიდევ ერთი რუსული Су-25 ჩამოაგდეს.

“7 ნოემბერს, დაახლოებით, 09:30 საათზე, ხერსონის რეგიონში, “პივდენის” საჰაერო სარდლობის ხერსონის საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის ქვედანაყოფმა ჩამოაგდო რუსული Су-25 თვითმფრინავი,” – ნათქვამია განცხადებაში.
“ჩვენი ჯარების ინტენსიური შეტევითი ოპერაციები მიმდინარეობს. ამის გამო, მტერი მეტ თვითმფრინავს იყენებს. კერძოდ, თავდასხმის თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს,” – თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.

იგნატის თქმით, მტრის თვითმფრინავების ჩამოგდებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გერმანულმა IRIS-T სისტემამ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინელი სამხედროების მიერ რუსული ძალების თვითმფრინავების ჩამოგდების შემთხვევები გახშირდა.

დღეს უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ უკრაინელებმა ხერსონის ოლქიდან კიდევ ერთი რუსული Су-25 ჩამოაგდეს. 22 ოქტომბერს, უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთით ორი რუსული Ka-52 ვერტმფრენი გაანადგურეს.

უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგი 24 თებერვლიდან არის დაახლეობით 277 თვითმფრინავი და 260 ვერტმფრენი.

აგვისტოს ბოლოს, უკრაინის არმია რამდენიმე მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავიდა. 24 ოქტომბერს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ხერსონის ოლქში 90-ზე მეტი დასახლების გათავისუფლების შესახებ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 8 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის იამპილის, ანდრიივკას, კრასნოჰორივკას, მარინკას, პავლივკას, ვოდიანეს, ნოვომიხაილივკას და ლუჰანსკის ოლქის ბილოჰორივკას დასახლებულ პუნქტებში,” – განაცხადა გენერალურმა შტაბმა.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 4 სარაკეტო და 24 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. რუსული თავდასხმის შედეგად 30-მდე დასახლება დაზარალდა. მათ შორისაა ზაპოროჟიეს, დონეცკის, ლუჰანსკის, მიკოლაივის, სუმის და ხერსონის რეგიონები.

გენშტაბის თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 22 დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 76 460 ჯარისკაცი დაკარგა.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთით ოკუპანტების უპილოტო საფრენი აპარატის სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალის 3 საწყობი გაანადგურეს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსულმა ჯარმა სუმის ოლქში საზღვრის გასწვრივ 203 ჭურვი და ნაღმი გაისროლა, დაღუპულია 1 ადამიანი. თავდასხმების გამო ტერიტორიაზე შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსები მასობრივად ანადგურებენ კერძო ნავებს ხერსონის ოლქში, დნეპრის ნაპირებზე. ქალაქ ბერისლავის მცხოვრებლებს კი 10 ნოემბრამდე ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ევროკომისია ევროკავშირს უკრაინისთვის თვეში 1.5 მილიარდი ევროს გამოყოფას შესთავაზებს. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, დახმარების საერთო მოცულობა 18 მილიარდ ევრომდე იქნება, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაფარვაში 2023 წლისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button