მნიშვნელოვანისიახლეები

ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გახდა

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე 80 ხმით 9-ის წინააღმდეგ აირჩია. თურნავას კანდიდატურა უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს. ეროვნული ბანკის შესახებ კანონის მიხედვით, საბჭო 9 წევრისგან უნდა შედგებოდეს. საბჭოში აქამდე ორი პოზიცია ვაკანტური იყო.

ნათია თურნავას კანდიდატურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა განიხილეს.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორსა და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრს, ნათია თურნავას განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო და დიდი ბრიტანეთის კემბრიჯის საგრაფოს უნივერსიტეტებში. ასევე გავლილი აქვს სწავლების სხვადასხვა კურსი აშშ-ში ჰარვარდის უნივერსიტეტის, ჯ. კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის ეგიდით.

ნათია თურნავას საპარლამენტო კომიტეტებში გუშინ მოუსმინეს.

“ეროვნული ბანკის მთავარი სტრატეგიული ამოცანა ინფლაციის მოთოკვა და შემცირება, ფინანსური მდგრადობის და სტაბილურობის შენარჩუნებაა. მეორე – ეს არის ახალი ინოვაციები, ციფრული ტექნოლოგიების ახალი პლატფორმების, ახალი სტარტაპების დანერგვა და მესამე არის კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელშიც ჩემი გამოცდილებისა და კომპეტენციის ფარგლებში ჩავერთვები და ჩემს წვლილს შევიტან“, – განაცხადა ნათია თურნავამ საკომიტეტო მოსმენისას.

9 თებერვალს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ნათია თურნავას შემცვლელად ლევან დავითაშვილი წარადგინა, თურნავამ განაცხადა, რომ აქვს სურვილი, გარკვეულწილად შეიცვალოს სფერო და სხვა ასპარეზზე მოსინჯოს ძალები.

ნათია თურნავა 2019 წლის 18 აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო. ის ამ თანამდებობაზე 2019 წლის 18 აპრილს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დანიშნა. თურნავა თანამდებობას ინარჩუნებდა გიორგი გახარიას პრემიერობის დროსაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button