უკრაინაში მალე მთავარი ბრძოლები დაიწყება
საბრძოლო თვითმფრინავების გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ფრონტზე მთავარი ბრძოლები მალე დაიწყება.
უკრაინელი მესაზღვრეების დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინული მიწა და უკრაინელი ხალხი რუსული ტყვეობიდან უნდა გათავისუფლდეს.
“უკვე მალე მთავარი ბრძოლები დაიწყება, ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი მიწები და ჩვენი ხალხი რუსული მონობისგან. ჩვენ უნდა აღვადგინოთ სახელმწიფო საზღვრის სრული ხაზი – როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სასაზღვრო ჯარების გმირობა, საიმედოობა და სტაბილურობა ძლიერ დაეხმარება უკრაინას ამ მნიშვნელოვან ისტორიულ გზაზე”, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა „ფოლადის კორდონის“ მოიერიშე ბრიგადას და ყველა სასაზღვრო ქვედანაყოფს ბრძოლაში „ძალა და წარმატებები“ უსურვა.
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, საბრძოლო თვითმფრინავების გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა.
“თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავების გარეშე შეუძლებელი იქნება წარმატების მიღწევა როგორც შეტევაში, ისე თავდაცვით ოპერაციებში.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ თვითმფრინავებს დაველოდებით. თვითმფრინავების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი ქვეყნის დაცვა როგორც ომის, ასევე მშვიდობის დროს”, – თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას არ შეუძლია გადადოს თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია, სანამ პარტნიორები არ უზრუნველყოფენ F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას. მისი თქმით, კონტრშეტევა უფრო ადრე უნდა დაიწყოს.