რეგიონი

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ტურისტული სეზონის ჩავარდნასაც ელოდებიან

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ტურისტული სეზონის ჩავარდნასაც ელოდებიან.
ტურიზმის ბიზნესი საქართველოში სირთულეების მოლოდინშია. უკვე გამოითქვა დასაბუთებული ვარაუდები, რომ სეზონი გარკვეულწილად ჩავარდება და ქვეყნის გარედან ტურისტების რაოდენობა შემცირდება.
კომპანია “ტყუპების საღვინე სახლი ” რადიო ჰერეთთან განმარტავს, რომ სასურველია, სეზონის დაწყებამდე უკრაინაში საომარი მოქმედებები დასრულდეს.

“მაისისათვის სეზონი იწყება-ხოლმე. სასურველია, იმ დროისათვის უკრაინაში საომარი მოქმედებები დასრულდეს. ღვინის ბაზრის მიხედვით, ჩვენ არ ვართ რუსეთზე დამოკიდებული. ტურისტებს რაც შეეხება, ბუნებრივია, მათ ყველა ქვეყნიდან ვიღებთ. რუსებიც ჩამოდიან და უკრაინელებიც. ახლა ვერ გეტყვით, რა იქნება, თუ ომის გამო, ეკონომიკა ჩავარდება, თავისთავად, ტურისტს შესაძლებლობა აღარ ექნება ჩამოვიდეს. პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს, პანდემიის გამოც სექტორმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა.სეზონი რომ დაიწყება, ყველაფერი უფრო ცხადად გამოიკვეთება”– განაცხადა საღვინე სახლის ერთ-ერთმა მფლობელმა, გია გამტკიცულაშვილმა.

ტურისტულ სეზონს იმედიანად არ უყურებენ საოჯახო ტიპის სასტუმრო სახლების მფლობელებიც. ისინი ფიქრობენ, რომ ქვეყნის გარედან შემოსული ტურისტების რაოდენობა შემცირდება და ბიზნესს პრობლემები ელოდება.

” მაინცდამაინც კარგ სეზონს არ ველოდებით. ჯერ პანდემიამ და ახლა ომმა რადიკალურად შეცვალა ვითარება. ჩვენთან ბევრი უკრაინელი ჩამოდიოდა, რუსებიც ბუნებრივია, მოდიოდნენ. მთლად ევროპის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტის იმედზე ძნელია ყოფნა. ახლა არ ვიცი, რა ვითარება იქნება, ომი თუ არ დასრულდება. თუნდაც დასრულდეს, უკრაინელებს ახლა ტურისტებად სიარულისათვის არ ეცლებათ. რუსეთს სანქციები აღატაკებს და რიგითი მოქალაქეც ხომ ღარიბდება”- ამბობს ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობელი.

უკრაინაში მიმდინარე ომი და რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ტურისტულ ნაკადზე რომ აუცილებლად აისახება, ამაზე ეკონომიკური ექსპერტებიც აქტიურად საუბრობენ. ისინი თვლიან, რომ ტურისტული ბიზნესი საქართველოში, გამოცდის წინაშე დადგება.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წელს, საქართველოში რუსმა ტურისტებმა 152 მილიონზე მეტი დახარჯეს.

უკრაინიდან და რუსეთიდან ერთად კი, ტურიზმის, ფულადი გზავნილებისა და ექსპორტის სახით, საქართველოში ჯამში 1,8 მილიარდი დოლარი შემოვიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button