საქართველოს პრეზიდენტი და ობუდსმენი ბიჭვინთის რუსეთზე გასხვისებას გმობენ
ოპოზიცია ბიჭვინთის გადაცემას რუსეთზე გამოეხმაურნენ

ე.წ. ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ „შეთანხმების” დე ფაქტო პარლამენტში რატიფიკაციას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ის გმობს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მცოცავ ანექსიას.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის თაობაზე საერთაშორისო საზოგადოებას „ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ“ მოუწოდებს.
პრეზიდენტი „რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას“ გმობს.
„მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას.
ხალხის ძლიერი რეაქცია, რომელსაც ჩვენ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის გარშემო ვხედავთ, ოკუპაციის პირდაპირი შედეგია.
მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ“,- აცხადებს პრეზიდენტი.
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანის შეფასებით, ბიჭვინთის ე.წ. სახელმწიფო აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია შემაშფოთებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
ობუდსმენი აღნიშნავს, რომ “საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, მუდმივად დღის წესრიგში მდგარი მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოწვევების, ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პრაქტიკის ფონზე რუსეთის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო საკუთრების მითვისების კიდევ ერთი მცდელობა განსაკუთრებით საგანგაშოა”.
“შემაშფოთებელია დღეს, 2023 წლის 27 დეკემბერს გამთენიისას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რომლის თანახმად, აგარაკი რუსეთის ფედერაციას გადაეცა.
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. აფხაზეთზე, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, სწორედ საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება. შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, როგორც ეს განსაზღვრულია „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში.
საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ზემოაღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთი ნათელი გამოვლენაა იმ არაერთი და მასშტაბური, ეროვნული კანონმდებლობის, და მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო პრაქტიკისა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხორციელდება და რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება”- ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროოპტიმისტების წევრი რომან გოცირიძე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის საკითხს ეხმაურება. მისი თქმით, ეს რუსეთის მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებაა.
“ის, რაც დღეს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ჩაიდინა, ფაქტობრივად, გაგრძელებაა რუსეთის მცოცავი ოკუპაციის. არაფერი განსხვავება არ არის, ეს მოხდება აქ, საოკუპაციო ხაზთან, გადმოწევენ მავთულხლართებს, თუ ეს მოხდება აფხაზეთის ტერიტორიაზე პირდაპირ მიტაცება საქართველოს ტერიტორიის ნაწილისა. თანაც, ეს არის პირველი პრეცედენტი – 30 წლის განმავლობაში უძალიანდებოდა აფხაზეთის მოსახლეობა იმას, რომ მიწა და უძრავი ქონება არ გაყიდულიყო რუსეთის ფიზიკური თუ იურიდიული პირებისადმი და სახელმწიფო სტრუქტურებისადმი”, – აღნიშნავს გოცირიძე.
დღეს ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსია გაფორმდა, რაც ხარკი იყო, რომელიც ვლადიმერ პუტინმა აფხაზური საზოგადოებისგან მოითხოვა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დუმილმა რუსეთს ანექსიის დასრულებაში ხელი არ შეუშალა და ეს ბოლო ფაქტობრივი ანექსია არ იქნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
აქუბარდიას თქმით, 2020-2021 წელს სოფელ აიბგას ფაქტობრივი ანექსია განხორციელდა, როდესაც ის კრასნოდარის ოლქს შეუერთეს. ახლა კი არის ბიჭვინთა და ეს პროცესი შეუქცევადად გრძელდება.
„ამ ფონზე კი ვხედავთ, როგორი არაადეკვატურია „ქართული ოცნების“ მთავრობის დამოკიდებულება ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხის მიმართ. წელიწად-ნახევარია, ვცდილობ, ხელისუფლებამ ბიჭვინთის ანექსიის პროცესზე რეაგირება მოახდინოს, რაც გასულ წელს დაიწყო და დღეს დასრულდა. მთავრობას და საგარეო საქმეთა მინისტრს მივმართე, რომ აღნიშნული ფაქტი განცხადებითაც შეემჩნიათ და პარტნიორებისთვის ადეკვატური რეაგირების მოთხოვნით მიემართათ. სად არის მთავრობა, როცა შეგვეძლო აფხაზური საზოგადოების პროტესტთან ერთად და დასავლელ პარტნიორებთან კოორდინაციის მეშვეობით ფაქტი შეგვეფასებინა?!“, – განაცხადა აქუბარდიამ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას ხელი მოაწერა. შეთანხმების “რატიფიცირება” ე.წ. პარლამენტში 27 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა.
26 დეკემბერს დღის განმავლობაში შეთანხმების მოწინააღმდეგეები ე.წ. პარლამენტთან იკრიბებოდნენ და ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებდნენ.
თავდაპირელად ცნობილი იყო, რომ შეთანხმების საკითხზე ე.წ. პარლამენტს 28 დეკემბერს უნდა ემსჯელა.
როგორც ტელეგრამარხი რესპუბლიკა წერს, პარლამენტმა სასესიო სხდომა დილის ექვს საათზე დაიწყო, ამ დროს მოქალაქეები ჯერ კიდევ ე.წ. პარლამენტთან იმყოფებოდნენ. სხდომაზე კი მხოლოდ აფხაზეთის ტელევიზიის ჟურნალისტები დაუშვეს. მათივე ინფორმაციით, სესიის შემდეგ პარლამენტთან სპიკერი ლაშა აშუბა გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს.
2022 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული “ობიექტი” მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას, გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა. აფხაზური მხარე მას დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს.
იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე მოსკოვს უფლება აქვს, აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, კაპიტალური მშენებლობა განახორციელოს. ნაგებობებსა და შენობებზე საკუთრების უფლება რუსეთის მხარეს იქნება.
ეხო კავკაზას ინფორმაციით, რუსული მხარე ამ ობიექტებს, მიწის ნაკვეთებსა და ზღვის აკვატორიის მონაკვეთს გამოიყენებს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად, სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით, ასევე მათი რეკრეაციული დასვენებისთვის.
ოკუპანტი ქვეყანა და მის მიერ დასმული ე.წ. ხელისუფლება შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტი ფორმდება 49 წლით და ავტომატურად გახანგრძლივდება 15 წლით, თუ რომელიმე მხარე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ, ვადის გასვლამდე მინიმუმ 6 თვით ადრე. ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას.