მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

79- დღიანი პაუზის შემდეგ უკრაინის დედაქალაქს რუსეთმა რაკეთებით შეუტია

უკრაინის დედაქალაქ კიევსა და კიევის ოლქში თითქმის ორ საათს გაგრძელდა რუსეთის სარაკეტო შეტევის გამო დილის 9 საათისთვის გამოცხადებული საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, 79-დღიანი პაუზის შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განაახლეს კიევზე ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმა სტრატეგიული ავიაციის Ту-95МС ტიპის თვითმფრინავებიდან. ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ კიევზე იერიში მიიტანა რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსის რაიონიდან.

საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის თანახმად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული რაკეტები კიევთან მიახლოებამდე ჩამოყარეს. კიევის ოლქში რუსული რაკეტების ნამსხვრევებით დაზიანებულია კერძო სახლები. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

უკრაინის საჰაერო ძალების წინასწარი მონაცემებით, დღეს დილით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა თავდასხმისთვის გამოიყენეს 19 ფრთოსანი რაკეტა, რომელთაგან 14 გაანადგურეს კიევის და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.

სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა დნეპროპეტროვსკის ოლქში. პავლოგრადის რაიონში დაიღუპა სულ მცირე 1 ადამიანი და 4 დაიჭრა. დაზიანებულია 20-ზე მეტი სახლი.

კიევის გარდა რუსმა სამხედროებმა ხარკოვი დაბომბეს. დაშავებულია 2 მშვიდობიანი მოქალაქე, ასევე, განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

დონეცკის ოლქში ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს შახტაზე. დაშავებულია ერთი მეშახტე, შახტში კი მუშაობა შეჩერებულია.
ქალაქში რამდენიმე აფეთქება გამთენიისას მოხდა. მანამდე გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას უნდა გადავიდნენ.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვს С-300 ტიპის რაკეტებით შეუტიეს. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ოლქს რუსეთის ბელგოროდის ოლქიდან შეუტიეს 6 მართვადი საზენიტო რაკეტით С-300. გარდა ამისა, რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე შეტევა იყო 7 უპილოტო საფრენი აპარატით. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციის მიხედვით, მათ მხოლოდ დრონების, 7-დან 5-ის, განადგურება შეძლეს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი სამხედროების მიერ ხარკოვის ოლქში 2022 წლის თებერვლის ბოლოს ოკუპირებული ქალაქი კუპიანსკი იმავე წლის სექტემბერში დაიბრუნეს

ცნობისთვის რუსეთის არმიამ უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ხარკოვსა და ხარკოვის ოლქზე შეტევა უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დაიწყო და მოგვიანებით დაიკავა ოლქის ჩრდილოეთი ნაწილი, რომელიც უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2022 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს.

ამასტან უკრაინის ფრონტზე ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის მიმართულება.
ოკუპანტებმა საჰაერო დარტყმები მიაყენეს ოდესის ოლქის პორტსა და საზღვაო ინფრასტრუქტურას. თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა სატვირთო მანქანის მძღოლი
გარდა ამისა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 8 დეკემბერს დილით 19 რუსული რაკეტიდან 14 ჩამოაგდო. მისი თქმით, რაკეტები ჩამოაგდეს კიევისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში.

დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა განმარტა, რომ თავდასხმის შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქის პავლოგრადის რაიონში ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა – ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია.

რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს, რის შედეგადაც 86 წლის ქალი დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, რუსეთის არმიამ არტილერიიდან ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუხსნა.

ცნობისთვის, დნეპროპეტროვსკის ოლქში დილით დაიღუპა კიდევ ერთი ადამიანი, 8 კი დაშავდა.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, იაპონია უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის დახმარებას გაუწევს. მილიარდ ნახევარს ქვეყანა იანვარში მიიღებს, დანარჩენს კი გაზაფხულზე.

ჩინეთი-ევროკავშირის 24-ე სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა მოუწოდეს პეკინს, რომ გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე, რათა წაახალისოს პუტინი ომის დასასრულებლად.

მსგავსი პოსტები

Back to top button