მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში ომი გრძელდება-აფეთქებები იყო დედაქალაქ კიევში

რუსეთის სარაკეტო შეტევის გამო უკრაინაში საჰაერო განგაში გრძელდება. ამოქმედებულია საჰაერო თავდაცვის სისტემა.
საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე დაიწყო სუმის ოლქიდან და მალევე გავრცელდა უკრაინის სხვა ოლქებსა და დედაქალაქ კიევზე.
ქვეყნის საჰაერო ძალები ინფორმაციას რუსეთისგან ფრთოსანი რაკეტების MiG-31K-ის სავარაუდო გაშვების შესახებ ავრცელებენ, რომლებიც, მათივე ცნობით, საფრთხეს სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებს უქმნის.
საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში Tu-95MS თვითმფრინავებიდან ფრთოსანი რაკეტების გაშვების საფრთხეა, ხოლო მურმანსკის და კალუგის რეგიონების აეროდრომებიდან აფრინდა Tu-22M3 რაკეტმზიდები.
აფეთქებები იყო დედაქალაქ კიევში. მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, სვიატოშინსკის რაიონში ავტომობილები იწვის. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ სოლომენსკის რაიონშიც. კლიჩკომ კიეველებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური. კლიჩკოს თქმით, თავდასხმის შედეგად კიევში გაჩნდა ხანძარიც.
სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი მასირებული სარაკეტო შეტევის შედეგად. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იჰორ კლიმენკოს ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა კიევში, ერთი – დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში და სამი – ქალაქ ხარკოვში. მანამდე ცნობილი იყო, რომ ხარკოვში სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლა ორი ადამიანის სიცოცხლე.

წინასწარი მონაცემებით, ხარკოვში დაშავდა 30-მდე ადამიანი, კიევში – 6 და პავლოგრადში – 1.

“ამჟამად დედაქალაქში, სოლომიანსკისა და სვიატოშინსკის რაიონებში მტრის თავდასხმის შედეგად 9 ადამიანია დაშავებული. 8 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. კერძოდ, ექიმები ატარებენ რეანიმაციულ ზომებს ერთ დაზარალებულზე. და ერთს, 13 წლის ბიჭს, ადგილზე დაეხმარნენ”, – ამბობს კლიჩკო.
უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებებია ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და სუმის ოლქებშიც. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი ამბობს, დაშავდა მინიმუმ ერთი მოქალაქე.

“პავლოგრადში ამ წუთებში ერთი ადამიანი დაიღუპა. ექიმები ამ დროისთვის ყველა საჭირო დახმარებას უწევენ კიდევ ერთ კაცს. ის ცოცხალია”, – ამბობს ლისაკი.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, კიევში დაზიანებულია ორი მრავალბინიანი სახლი, კერძო შენობა და ავტომობილები. კიევის ოლქის ბუჩის რაიონში დაზიანებულია ორი საცხოვრებელი კორპუსი და ერთი კერძო სახლი. ქალაქ ხარკოვში ნაწილობრივ დანგრეულია ორი მრავალბინიანი სახლი.

დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, სულ დაფიქსირდა 186 აფეთქება. სამხრეთიდან ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებით, მოიერიშე დრონები დაფიქსირდა.
გასულ ღამით რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ქალაქ ხარკოვზე და ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლიაზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისთვის გამოიყენეს ოთხი საზენიტო მართვადი რაკეტა С300/400. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 11 ადამიანი. დაზიანებულია კერძო სახლები, სკოლის შენობა და გაზსადენი. ქალაქ ხარკოვის მერის, იგორ ტერხოვის ინფორმაციით, მთლიანად დაინგრა მრავალბინიანი სახლის ერთი სადარბაზო. ადგილზე მაშველები მუშაობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button