უკრაინაში ომი გრძელდება-უკრაინა იბომბება დრონებით გამოცხადდა საჰაერო განგაშც

უკრაინაში ომი გრძელდება. ხარკოვის ოლქში სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, ღამით, საჰაერო განგაში გამოცხადდა. განგაში იყო ბელგოროდის ოლქშიც.
საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ოდესის ჩრდილო-დასავლეთიდან “შაჰედის” ტიპის დრონები გამოჩნდა. უპილოტო საფრენი აპარატები დაფიქსირდა ზატოკასა და კიროვო-გრადის მიმართულებითაც. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.
არტილერიითა და კამიკაძე დრონებით შეტევა განხორციელდა დნიპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლის რეგიონზე.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვი ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი დაბომბეს. დაიღუპა ერთი და დაშავდა ასევე ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. მისივე თქმით, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსებიც.
“დღეს ქალაქ კუპიანსკში რუსული ძალების მხრიდან დაბომბვის შედეგად 73 წლის მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ამასთან, 79 წლის ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს”, – თქვა ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულება დაბომბეს.
იერიშის შედეგად შენობა სრულად დაზიანდა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია
ჯერჯერობით არ ვრცელდება.
რუსეთის ჯარებმა დაიწყეს მასიური შეტევა ავდეევკის და მარიინსკის მიმართულებით. იტყობინება მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული და სტრატეგიული ჯარების დაჯგუფება „ტავრიის“ მეთაურ, გენერალ ალექსანდრ ტარნავსკიზე დაყრდნობით.
“ორი დღის წინ მტერმა დაიწყო მასიური შეტევითი ოპერაციები ჯავშანტექნიკის მხარდაჭერით ავდეევკისა და მარიინსკის მიმართულებით. აქტიურად იყენებს ავიაციას, მართვად საჰაერო ბომბებს. ორ დღეში განახორციელეს 19 ავიაიერიში. შემოსევა გრძელდება. ჩვენი ჯარისკაცები მტკიცედ იჭერენ თავდაცვით ხაზს. გუშინ მტრის 42 თავდასხმა იქნა მოგერიებული ნოვობახმუტოვკის აღმოსავლეთით, სევერნისა და ტონენკის სამხრეთით და ავდეევკის, პერვომაისკის და ნეველსკის რაიონებში”, – წერს გენერალი ტარნავსკი ტელეგრამის არხში.
გენერლის ცნობით, მტერი ცდილობს წინსვლას როგორც ავდეევკის ჩრდილოეთით, ასევე სამხრეთით.
უკრაინის გენშტაბის თანახმად, მოწინააღმდეგე ისევ ცდილობს ავდეევკის ალყაში მოქცევას, თუმცა თავდაცვის ძალები განაგრძობენ მის შეკავებას და თავდაცვის ხაზს ინარჩუნებენ.
უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 15 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 9 ჩამოაგდეს.
უწყების თქმით, ოკუპანტებმა შეტევა დროებით ოკუპირებულ ყირიმში ბალაკლავას რეგიონიდან განახორციელეს.
“სულ “შაჰიდის” ტიპის 15 უპილოტო საფრენი აპარატის გაშვება დაფიქსირდა, რომელთაგან 9 უკრაინის სხვადასხვა რეგიონში თავდაცვის ძალების მობილურმა სახანძრო ნაწილებმა გაანადგურეს,” – ნათქვამია განცხადებაში.
ამას გარდა, უკრაინელები ამბობენ, რომ ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის რეგიონში გაანადგურეს ორი Kh-59 ტიპის მართვადი რაკეტა.
რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინისთვის 900 მილიონ დოლარს გასცემს.
შვედეთი უკრაინას, ზამთრის ინფრასტრუქტურისთვის, 120 მილიონი ევროს დახმარების პაკეტს გაუგზავნის.
“მნიშვნელოვანია უკრაინას მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ, რომ მას შეუძლია ჩვენი დახმარების იმედი ჰქონდეს, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა.
თეთრი სახლი კი, უკრაინისთვის, წლის ბოლომდე, დახმარების კიდევ ერთ პაკეტს გამოაცხადებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.