უკრაინაში ომის 408-ე დღე მძიმე ბრძოლები უკრაინაში კვლავ გრძელდება

უკრაინაში ომის 408-ე დღე დასასრულს უახლოვდება – ხერსონი, სუმი და დონეცკი – ეს ის სამი მიმართულებაა, რომელსაც ახლა რუსული საოკუპაციო ძალები ყველაზე აქტიურად ბომბავენ. ბრძოლები მიმდინარეობს ნიკოპოლთანაც, სადაც ბოლო იერიშის შედეგად 15 ადამიანი მძიმედ დაშავდა. რუსული არმიის წინააღმდეგ ბრძოლას კი გუშინ კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა. არსენ ქეცბაია 41-ე ქართველი, რომელიც ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა.
უმძიმესი ბრძოლებია ბახმუტშიც, რომლის დაცვას კიევი ყველა საშუალებით ცდილობს. ქალაქში ორივე არმიას გარდამავალი უპირატესობა აქვს, თუმცა ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ქალაქის ცენტრამდე მიღწევა შეძლეს.
მცირე საბრძოლო წარმატებები კი მოსკოვს საკმაოდ ძვირი უჯდება. ე.წ. ვაგნერელების მეთაურმა მორიგი ვიდეო მიმართვა ჩაწერა იმ სასაფლაოს ფონზე, რომელზეც ასობით ვაგნერელია დასაფლავებული.
უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს შეტევა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებზე. აქ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი მიწასთან არის გასწორებული. მძიმედ დაშავდა 15 მშვიდობიანი ნიკოპოლის ოლქზე მიტანილი იერიშის შედეგად.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტის 40-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს უკრაინელმა სამხედროებმა ფრონტის ხაზის მთელ პერიმეტრზე. შეტევას თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსულ პოზიციებზე კონტრიერიში მოჰყვა.
მძიმე ბრძოლები უკრაინაში კვლავ გრძელდება. რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 5 დასახლება დაბომბეს. ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ხერსონის ოლქის 3 დასახლებას. დაშავდა 7 მშვიდობიანი მოქალაქე. მძიმე არტილერიით დაარტყეს ნიკოპოლის ოლქს.
ყველაზე ცხელ წერტილებად რჩება აღმოსავლეთ უკრაინაში ქალაქი ბახმუტი, ავდიივკა და მარინკა.
რუსეთის დაქირავებულმა ვაგნერის ჯგუფის ხელმძღვანელმა აღიარა, რომ უკრაინული ძალები ბახმუტის ზოგიერთ ნაწილში კვლავ რჩებიან და რუსული სეტევის მიუხედავად უკან არ იხევენ.
რაც შეეხება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ლიეტუვა უკრაინას 44 მილიონი დოლარის სამხედრო პაკეტს გადასცემს.
დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში, რუსებმა რკინიგზის სადგურისა და სახლების დემონტაჟი დაიწყეს , – ინფორმაციას საკუთარ Telegram არხზე მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო ავრცელებს.
“ოკუპანტებმა რკინიგზის სადგურის და ირგვლივ კერძო სახლების დემონტაჟი დაიწყეს… უცნობია რატომ. ისინი სავარაუდოდო დიდი ლოჯისტიკური ჰაბის მშენებლობას იწყებენ” – წერს ანდრიუშჩენკო
ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტები ხარკოვის ოლქის სოფელი ბორისივკა დაბომბეს. ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.
“მტერი აგრძელებს ხარკოვის რაიონის სასაზღვრო ქალაქებისა და სოფლების დაბომბვას. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი მშვიდობიანი მოსახლეობაში. დღეს, დაახლოებით 14:30 საათზე, რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს ხარკოვის რაიონის სოფელი ბორისივკა. დაბომბვის შედეგად დაიღუპა 39 წლის მშვიდობიანი მოქალაქე” – წერს სინეგუბოვი
ცნობისთვის, გასულ ღამეს რუსებმა სარაკეტო არტილერიით, ნაღმტყორცნებითა და სხვა იარაღებით დაბომბეს ხარკოვის, კუპიანსკის, ჩუგუივისა და ბოგოდუჰივის ოლქების სასაზღვრო დასახლებები.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავში სასწრაფო დახმარების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.
უწყების ცნობით, იერიშის შედეგად დაშავდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.
“მტერი აგრძელებს ტერორისტულ თავდასხმებს მშვიდობიან უკრაინელებზე. რუსებმა ბერისლავში გამოძახებისას სასწრაფო დახმარების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს” – წერია განცხადებაში
მათივე ინფორმაციით ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.