საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონია.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ესპანეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხა.
კერძოდ, „ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთის მორაგბეთა ნაკრებს ანგარიშით 46:28 სძლია.
საქართველომ მოგებით მიჯრით მერვე, ჯამში კი მე-17 ტიტული მოიპოვა.
ლელო: კარკაძე (3), ტაბუცაძე (3), აბულაძე, ლობჟანიძე.
გარდასახვა: პაპუნაშვილი (2), ნინიაშვილი
ესპანეთის ნაკრებმა პირველ ტაიმში შეძლო „ბორჯღალოსნებისთვის“ მეტ-ნაკლებად წინააღმდეგობა გაეწია. საწყის წუთებში საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საკუთარი თამაშის პოვნა გაუჭირდათ, რითიც ესპანელებმა ისარგებლეს და ერთ ეპიზოდში 13:5 დაწინაურდნენ, მაგრამ „ბორჯღალოსნებმა“ პირველვე ტაიმში მოახერხეს მობილიზება და ტაიმის ბოლომდე სამი ლელოს დადება შეძლეს (მხოლოდ ერთი გარდასახეს) და პირველი ნახევარი 17:16 მოიგეს.
საქართველოს ნაკრებმა უკეთესად ჩაატარა მეორე ტაიმი, მეტოქეს ერთმანეთზე უკეთესი, ლამაზი ლელოები დაუდო, ვანო კარკაძემ და აკაკი ტაბუცაძემ ჰეთთრიკი შეასრულეს, აკაკიმ კი სანაკრებო კარიერაში 50-ე ლელო (51 თამაშში) მიითვალა და მსოფლიო საუკეთესო მელელოვეთა ათეულში მეექვსე ადგილზე დაწინაურდა. ბექა გორგაძემ „ბორჯღალოსნების“ რიგებში 50-ე მატჩი ჩაატარა, სანდრო თოდუამ კი ნაკრების მაისურა 120-ედ მოირგო და ყველა დროის რეკორდსმენობამდე 3 მატჩი აშორებს (რეკორდსმენი დავით კაჭარავაა 122 მატჩით).
საბოლოოდ საქართველომ 46:28 მოიგო და რაგბის ევროპის ჩემპიონატი მეჩვიდმეტედ (ზედიზედ მერვედ) მოიგო.
ცნობისთვის, მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.