უკრაინაში, ომის დაწყების შემდეგ 200 ბავშვი დაიღუპა
რუსეთი უკრაინაზე კვლავ თავდასხმების მასშტაბის გაზრდით იმუქრება
უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ 200 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ომის მიმდინარეობისას 360 ბავშვი დაშავდა. ჯამში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების შედეგად 560 ბავშვი დაზარალდა.
ამასთან, დაბომბვების შედეგად 1018 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, აქიდან 95 სრულად განადგურდა.
უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში – 117
➡კიევის ოლქში – 105
➡ხარკოვის ოლქში – 88
➡ჩერნიგოვის ოლქში – 54
➡ხერსონის ოლქში – 41
➡მიკოლაევის ოლქში – 40
➡ლუგანსკის ოლქში – 36
➡ზაპოროჟიეს ოლქში – 23
➡დედაქალაქში – 16
➡სუმის ოლქში – 16
➡ჟიტომირის ოლქში – 15.
ცნობისთვის, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.
გარდაცვლილი ბვშვების მიუხედავად რუსეთი უკრაინაზე კვლავ თავდასხმების მასშტაბის გაზრდით იმუქრება – განცხადებას რუსეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის, იგორ კონაშენკოვის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიშის მიტანის შედეგად ილიჩის ფოლადის ქარხანა ხელში ჩაიგდეს და უკრაინულ ტექნიკას დიდი ზიანი მიაყენეს.
“ქალაქ მარიუპოლში, რუსეთის ჯარების ჯგუფმა და დონეცკის რესპუბლიკის სახალხო მილიციის ქვედანაყოფებმა, შეტევითი ოპერაციების შედეგად, მთლიანად გაათავისუფლეს ილიჩის ფოლადის ქარხანა უკრაინელი ნაციონალისტებისაგან.
გაშვებული კალიბრის რაკეტები მოხვდა სამხედრო ობიექტს კიევის გარეუბანში. ჟულიანის მანქანათმშენებლობის ქარხანაზე დარტყმის შედეგად გრძელი და საშუალო დისტანციის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, აგრეთვე საზენიტო-სარაკეტო სისტემების წარმოებისა და შეკეთების სახელოსნოები განადგურდა.
ჩერნიგოვის რაიონის სოფელ გორონდიას მიდამოში, რუსულმა საზენიტო სარაკეტო სისტემამ S-400-მა, ავიაბაზაში დაბრუნებისას ჩამოაგდო უკრაინული ვერტმფრენი Mi-8, რომელიც თავს დაესხა ბრიანსკის რაიონის მშვიდობიანი მოსახლეობას.
სარაკეტო ჯარების დარტყმის შედეგად ხარკოვის ოლქის იზიუმსკეს დასახლებაში ლიკვიდირებული იქნა პოლონური კერძო სამხედრო კომპანიის დაქირავებულთა რაზმი. ლიკვიდირებულია 30-მდე პოლონელი დაქირავებული,”- აცხადებს იგორ კონაშენკოვი.