უკრაინაში რაც ხდება, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ტრაგედიაა, მაგრამ რუსეთს არჩევანი არ ჰქონდა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირველად მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარებმა დატოვეს ჩრდილოეთი უკრაინა და კიევის შემოგარენი და აღმოსავლეთით, დონბასის მიმართულებით გადაინაცვლეს, განაცხადა რომ უკრაინაში ვითარება ტრაგიკულია.
მიუხედავად ამისა, უკრაინაში რაც ხდება ყოველგვარი ეჭვის გარეშე ტრაგედიაა მაგრამ რუსეთს არჩევანი არ ჰქონდა ვინაიდან ის იძულებული იყო დაეცვა უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობა „გენოციდისგან“ და არ დაეშვა უკრაინის ქცევა მოსკოვის მტრების ანტირუსულ პლაცდარმად.
12 აპრილს, კოსმოსში საბჭოთა კოსმონავტ იური გაგარინის გაფრენიდან 61-ე წლისთავზე, პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან ერთად მოინახულა მოსკოვიდან აღმოსავლეთით, 5550 კილომეტრზე მდებარე კოსმოდრომი „ვოსტოჩნი“.
პუტინის თქმით, ერთადერთი კითხვა არსებობდა იმასთან დაკავშირებით, თუ როდის დაიწყებოდა შეიარაღებული დაპირისპირება.
მისივე განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება დაშორდა სტამბოლში მიღწეულ შეთანხმებებს და მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, აშშ მზად არის, „იომოს რუსეთთან უკანასკნელ უკრაინელამდე“.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდებისთვის, ბელარუსის პლატფორმა შესაფერისია.
ორი პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ლუკაშენკასთან მოლაპარაკებებზე განიხილეს ორი ქვეყნის დასავლეთის საზღვრების დაცვა და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის მდგომარეობა.
მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომზე და მის გავლენაზე რუსეთისა და ბელარუსის ეკონომიკაზე.
შეკითხვას, მიაღწევს თუ არა რუსეთი უკრაინაში დასახულ მიზანს, პუტინმა უპასუხა, რომ აბსოლუტურად არ ეპარება ამაში ეჭვი.
„[სპეციალური სამხედრო ოპერაციის] გეგმები არის მკაფიო და ღირსეული. ეჭვი არაა, რომ მიზნები მიღწეულ იქნება“, – თქვა მან.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე ორმა ლიდერმა გაიმეორა, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის მიზანია დონბასის „გათავისუფლება“ და არა „უკრაინის ოკუპაცია“.
უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე ორივე ლიდერმა გაიმეორა, რომ ეს უკრაინული მხარის მიერ მოწყობილი პროვოკაცია
ალიაქსანდრ ლუკაშენკას თქმით, „რუსეთის მეგობრებთან ერთად ჩვენ მთლიანად, პირველიდან უკანასკნელ წუთამდე, გავხსენით დასავლეთის ეს საზიზღარი პოზიცია.“
ვლადიმირ პუტინმა კი დასძინა, რომ ბუჩაში მომხდარი მოვლენების შესახებ ინფორმაცია ჩვეულებრივი „ფეიკია“.
პუტინის სიტყვებით, რუსეთის ეკონომიკა და საფინანსო სისტემა მყარად დგანან ფეხზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ბლიცკრიგი ვერ შედგა და, მიუხედავად იმისა, რომ საფრთხე შეიძლება გაიზარდოს, საბოლოოდ უნდა გაიმარჯვოს საღმა აზრმა.
„დრო ყველაფერს თავ-თავის ადგილებზე დაალაგებს. როცა [დასავლელი] ხალხი ხედავს ფასების ზრდას ბენზინზე, საკვებ პროდუქტებზე, ინფლაციის უპრეცედენტო ზრდას, ეს აისახება შიდაპოლიტიკურ პროცესებზე.“
პუტინის თქმით, დასავლეთს ძალიან უნდოდა, რომ „ყველაფერი, რაც ხდება“, ასახულიყო რუსეთის ფედერაციის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე, მაგრამ „ისინი ყოველთვის ცდებიან, არ ესმით რა, რომ რთულ ვითარებებში რუსეთის ხალხი ყოველთვის შეკრულია. თავად მათთვის კი პრობლემები გარდაუვალია“, – თქვა მან.
მოსალოდნელ სირთულეებზე საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ პრობლემები შეექმნება დასავლეთსაც. მისი თქმით, თუკი „ჩვენი პარტნიორები უფრო გაამწვავებენ სიტუაციას – საფინანსო სფეროში, სადაზღვევოში, გადაზიდვების სფეროში, მათ შორის საზღვაო ტრანსპორტისაში – სიტუაცია გაუარესდება მათთვისაც. ვინაიდან სურსათის არასაკმარისი მოცულობა ან უკიდურესად მაღალი ფასები შიმშილობას გამოიწვევს მსოფლიოს მრავალ რეგიონში. ეს კი აუცილებლად გამოიწვევს შემდეგ ნაბიჯს – ემიგრაციის ახალ ტალღებს, მათ შორის ევროპის ქვეყნებში. ვფიქრობ, საღმა აზრმა უნდა გაიმარჯვოს და ძალიან მაქვს ამის იმედი“, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრისას მან თქვა, რომ შექმნილ ვითარებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა რუსეთის ეკონომიკის „განბიუროკრატიულება“.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბელარუსის ლიდერმა კვლავ შეახსენა ვლადიმირ პუტინს დანაპირები და სთხოვა, დააწინაუროს ის და პოლკოვნიკის წოდება მიანიჭოს.
პუტინის თქმით, ლუკაშენკას არ ესაჭიროება დაწინაურება, ის ისედაც დიდი ხელმძღვანელია. მაგრამ ლუკაშენკა არ დაეთანხმა მას: „არ იქნებოდა ცუდი, მეც რომ პოლკოვნიკი ვიყო. სიმართლე ისაა, რომ ის [პუტინი] მე დამპირდა, მაგრამ დღემდე არ მოუნიჭებია [წოდება].“
როსტოვის რეგიონში რუსული აღჭურვილობის გადაადგილება როსტოვის რეგიონში შენიშნეს.
CNN რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით წერს, რომ “მანქანები ჩრდილო-დასავლეთისკენ, დონბასისკენ მიემართებიან” და სამხედრო ტექნიკის კოლონა სოფელ მატვეევთანაა დაფიქსირებული.
შეგახსენებთ, ომის ახალი ფაზის დაწყებას რუსეთის მხრიდან, დასავლური ქვეყნები და მათი დაზვერვის სამსახურები, სწორედ უკრაინის აღმოსავლეთში ელოდებიან