უკრაინაში რუსეთის აგრესია გრძელდება

უკრაინაში რუსეთის აგრესია გრძელდება. სამიზნე დასახლებული რეგიონები, მშვიდობიანი მოსახლეობა და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაა.
მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსმა სამხედროებმა იერიშები უკრაინის 8 რეგიონზე მიიტანეს. აგრესორის სამიზნე გახდა სუმის ოლქის ოთხი დასახლება. ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 1 დაშავდა ყუმბარის აფეთქების შედეგად ლვოვში. რუსმა სამხედროებმა იერიშები მიიტანეს ზაპოროჟიეზე. 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა იერიშების შედეგად დონეცკის რეგიონში. გარდაცვლილებს შორის 5 თვის ბავშვია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი, ანდრეი კოვალევი აცხადებს, რომ ოკუპანტები იერიშების დროს ირანულ დრონებსაც იყენებდნენ.
“გასული დღის განმავლობაში მტერმა საჰაერო იერიშები მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე. ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით მორიგი სარაკეტო დარტყმა განახორციელა სამოქალაქო ობიექტებზე. ოკუპანტები იერიშების დროს ირანულ დრონებსაც იყენებდნენ, ექვსივე მათგანი ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შემდგომი სარაკეტო და საჰაერო დარტყმების ალბათობა კვლავ საკმაოდ მაღალია. ყველაზე ინტენსიური ბრძოლები გრძელდება ბილოგორივკას, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას დასახლებებში. გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების საჰაერო ძალებმა 10 დარტყმა განახორციელეს ოკუპანტების თავმოყრის ადგილებში. სარაკეტო ჯარების და არტილერიის ნაწილებმა დაარტყეს მტრის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრაციის 9 უბანს, საწვავის და საპოხი მასალების საწყობს, 2 საზენიტო სარაკეტო სისტემას. გასულ დღეს ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს 630 რუსი დამპყრობელი, გაანადგურეს 1 ტანკი, 4 ჯავშანტექნიკა, 8 საარტილერიო სისტემა, ერთი საზენიტო რაკეტა, ერთი საჰაერო თავდაცვის მანქანა, 7 მანქანა. 2 ერთეული სპეციალური ტექნიკა,” – ამბობს ანდრეი კოვალევი.
რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვის ოლქი არტილერიის გამოყენებით სამჯერ დაბომბეს, რის შედეგადაც 3 კერძო სახლი დაზიანდა. თავდასხმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ოლქის 19 დასახლებული პუნქტი დაბომბეს.
გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ხერსონის ოლქი 54-ჯერ დაბომბეს. მათ შორის ხუთჯერ დაიბომბა ქალაქი ხერსონი. ჭურვები ქალაქის საცხოვრებელ უბნებს, კერძო და მრავალბინიან სახლებს მოხვდა. თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი – დაშავდა.
სოფელ პოსად-პოკროვსკეში რუსების ნაღმზე აფეთქდა სამი ადამიანი – ელექტრიკოსები, რომლებიც დაზიანებული ელექტრო ქსელების აღდგენაზე მუშაობდნენ. ორი მათგანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
უკრაინაში, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ქალაქ ავდეევკაზე იერიშს ხუთი თვის ჩვილი და მისი ბებია ემსხვერპლნენ. ინფორმაციას დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო ტელეგრამის საკუთარ არხზე ავრცელებს.
მისი ცნობით, დაღუპულების ოჯახი ავდეევკადან ევაკუირებაზე უარს აცხადებდა:
„პოლიცია გუშინაც იყო მისული მათთან ოჯახში. ჩვილის დედას ესაუბრნენ, რომ დაეტოვებინათ ქალაქი, მაგრამ სამწუხაროდ, საუბარმა შედეგი არ გამოიღო – ქალმა უარი გვითხრა უფრო უსაფრთხო ადგილას გადასვლაზე. დღეს კი ეს გამოუსწორებელი რამ მოხდა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი დღემდე ფიქრობს, რომ ევაკუაცია არ არის საჭირო, მაგრამ დღეს ეს ერთადერთი რამაა, რასაც სიცოცხლეების შენარჩუნება შეუძლია“, – წერს კირილენკო.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, ბოლო დღეებში, რუსეთისთვის პრიორიტეტულია დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის ალყაში მოქცევის ოპერაცია, თუმცა, რუსეთის ჯარმა ჯავშანტექნიკის დიდი დანაკარგის ფასად მიაღწია მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესს
რუსეთს დაბომბვაზე არაფერი განუცხადებია.
ავდიივკა ფრონტის ხაზზე, დონეცკიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი გამუდმებით იბომბება, მასში არც ერთი ხელუხლებელი შენობა არ არის დარჩენილი. მშვიდობიან მოსახლეობას არაერთხელ მოუწოდეს ევაკუაციისკენ. უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრამდე ქალაქში 30 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა – 2 ათასზე ნაკლები.
უკრაინის ქალაქ ლვოვში ყუმბარა აფეთქდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა – ინფორმაციას ამის შესახებ ლვოვის საკრებულოს წევრი, იჰორ ზინკევიჩი ავრცელებს.
“ზამარსტინივსკის 150-ში ყუმბარა აფეთქდა. ერთი ადამიანი დაშავდა, ერთი კი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მუშაობს.”,- წერს ის.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც ქუჩაში 1 ადამიანი დაიღუპა.
“რუსებმა ხერსონის რეგიონი დაბომბეს. არტილერიით ქალაქ ხერსონს ესროლეს, [რაკეტა] კერძო სახლს მოხვდა. ქუჩაში 1 ადამიანი დაიღუპა. დაბომბეს სოფელი კოზაცკეც, იქაც [რაკეტა] კერძო სახლს მოხვდა, 1 ადამიანი დაშავდა”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 173 990 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.