სანქციები მოსამართლის შეურაცხყოფისთვის

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას, რომლის თანახმადაც მოსამართლეების შეურაცხყოფაზე სანქციები უნდა დაწესდეს, საქართველოს პარლამენტში ეხმაურებიან. კანონმდებელთა პოზიცია ერთიანი და კრიტიკულია.

საქმე ეხება კანონში ტერმინების დაკონკრეტებას, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მოსამართლის შეურაცხყოფად და ასევე საუბარია შესაბამის სანქციებზე. ქართულ ოცნებაში ცვლილების აუცილებლობას ვერ ხედავენ და თვლიან, რომ სიახლის მიხედვით ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება შეიზღუდება, მოსამართლეების საქმიანობასთან დაკავშირებით კი მეტი კითხვის ნიშნები გაჩნდება. ინიციატივა აბსურდულად მიაჩნია ოპოზიციასაც. ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების მხრიდან ინიციატივის მხარდაჭერას არ გამორიცხავს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დემოკრატიული ქვეყნის პრინციპების გააზრებას ურჩევენ ევროპულ საქართველოში. მოსამართლეთა შეურაცხყოფისთვის გარკვეული სახის სანქციების დაწესების ინიციატივას არადემოკრატიულს უწოდებს სამოქალაქო სექტორიც.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი არასერიოზულს უწოდებს.

ომბუდსმენის განმარტებით, კანონმდებლობაში ისედაც არსებობს ამ ტიპის რეგულაციები და მათი გამოყენება მოსამართლეებს შეუძლიათ. ომბუდსმენი ამბობს, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, სწორედ ამიტომ უჩა ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.

მსგავსი პოსტები

Back to top button