მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები აქტიურ ფაზაშია

20 ნოემბრის დილას ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა რუსეთის მხრიდან ხერსონისთვის გახსნილი ცეცხლის შედეგად – იუწყება უკრაინის სამხრეთში მდებარე ამ ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომან მროჩკო.

როგორც რეგიონის გუბერნატორი, ოლექსანდრ პროკუდინი ტელეგრამით წერს, ორი პირი დაიღუპა მაშინ, როცა რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ხერსონში კერძო კომპანიის კუთვნილ პარკინგის სივრცეს. დაღუპულები მძღოლები იყვნენ.

“დილით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. დაზიანებულია მანქანები და შენობები.

რუსეთის არმიამ ხერსონში კერძო სატრანსპორტო კომპანიის ავტოსადგომს გაუხსნა ცეცხლი”, – ამბობს ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
მანამდე პროკუდინი იუწყებოდა, რომ ღამით ხერსონის საცხოვრებელი უბნებისთვის გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიჭრა ექვსი პირი, მათ შორის ერთი ბავშვი.
რეგიონული ადმინისტრაციის უფროსი, ალექსანდრ პროკუდინი კი ამბობს, რომ გასული 24 საათის განმავლობაში მტერმა ხერსონზე 51 შეტევა განახორციელა და 323 ჭურვი გაისროლა. ოკუპანტების სამიზნეს საცხოვრებელი კვარტლები წარმოადგენდნენ. რუსული აგრესიის შედეგად გუშინ ხერსონში ჯამში 6 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, ერთი ბავშვი იყო.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის ჯარები ავდეევკას მახლობლად წინ მიიწევენ.
“უკრაინული და რუსული ჯარები აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში ბრძოლას აგრძელებენ, თუმცა წვიმიანი ამინდი, სავარაუდოდ, ბრძოლის ტემპს შეანელებს. 19 ნოემბერს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ავდეევკას მახლობლად კონტრშეტევა განახორციელეს, იქ მათ დადასტურებული წინსვლა აქვთ.
ამავე დღეს გამოქვეყნებული გეოლოკაციის მონაცემები მიუთითებს, რომ უკრაინული ძალები სტეპის სამხრეთ-აღმოსავლეთით, რკინიგზის მახლობლად (ავდეევკას ჩრდილო-აღმოსავლეთით 3კმ) დაწინაურდნენ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკელი სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, გუშინ რუსულმა ძალებმა ავდეევკას მახლობლად შეტევითი ოპერაციები განახორციელეს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან 46 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მიმართულებით მოიგერიეს 7 შეტევა, ხოლო დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებით – 11, ავდეევკის მიმართულებით – 12 და მარინკის მიმართულებით – 16.
უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, თავდაცვის ძალები შეტევას განაგრძობენ ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლის მიმართულებით. რაც შეეხება ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე დაკავებულ პოზიციებს, უკრაინის გენშტაბის ცნობით, ამ პოზიციებს ინარჩუნებენ და მოწინააღმდეგესთან კონტრბატაერის ბრძოლა გრძელდება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებებზე არსებული სიტუაციის შესახებ არაფერს იუწყება.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოფიციალურად 17 ნოემბერს დაადასტურეს სამხედრო ოპერაციის წარმატება ხერსონის ოლქის იმ ნაწილში, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ჯერ უკრაინის საზღვაო ქვეითებმა, შემდეგ კი შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადეს, რომ „წარმატებული მოქმედებების სერია“ ჩატარდა ხერსონის მიმართულებით, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე.

საზღვაო ქვეითების თანახმად, წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად და თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებით, რამდენიმე პლაცდარმზე გამაგრდნენ. გენერალური შტაბის განცხადებით, მიმდინარეობს დივერსიული და სადაზვერვო რეიდები საბრძოლო მასალებით და სურსათით საოკუპაციო ძალების მომარაგების გზების და პირადი შემადგენლობის და ტექნიკის განთავსების ადგილების გამოსავლენად, მათი შემდგომი განადგურების მიზნით. ცნობები ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე უკრაინის თავდაცვის ძალების გარკვეული წინსვლის შესახებ, ნოემბრის დასაწყისიდან ვრცელდებოდა.

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ხერსონის ოლქი 2022 წლის გაზაფხულზე დაიკავეს. იმავე წლის შემოდგომაზე უკრაინის არმიამ კონტროლი დაიბრუნა ხერსონის ოლქის იმ ნაწილზე, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. მათ შორის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ ხერსონზე.

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები აქტიურ ფაზაშია. რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები 20-ჯერ დაბომბეს, დაფიქსირდა 130 აფეთქება. არის მსხვერპლი; დაზიანდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა. დაიბომბა ნიკოპოლის რეგიონი, ასევე – ქალაქი მელიტოპოლი.
2 ადამიანი ემსხვერპლა ყუმბარის აფეთქებას კიევში. უკრაინის დედაქალაქის პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულია 1. აფეთქების სხვა დეტალები არ ვრცელდება.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button