მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში საქართველოს ელჩი აღარ ჰყავს მან კიევი დატოვა

უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს

გიორგი ზაქარაშვილს კიევის დატოვება უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მოუწია.
გიორგი ზაქარაშვილმა გუშინ აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან მისთვის მიცემული 48 საათი 6 ივლისს, 12:00 საათზე იწურებოდა.

კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს, უკრაინის საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს ელჩს დაკავშირებოდა და 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებისა და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნების გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა.

თუმცა მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ და საგარეო საქმეთა მინისტრმაც უკვე დაადასტურეს, რომ კიევიდან გამოშვებულ საქართველოს ელჩთან კონსულტაციებს არ გამართავენ, შესაბამისად გაურკვეველია როგორ გაგრძელდება უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობა.

“ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს დაცინვა და შეთანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ჩვენმა პარტნიორებმა ასევე შემოგვთავაზეს სხვადასხვა სამაშველო ვარიანტები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს საჭირო მკურნალობისა და ზრუნვისთვის და მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, არ უგულებელყოთ ეს ვითარება და გადაარჩინოთ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ ძალას არ აქვს უფლება სიკვდილით დასაჯოს ადამიანები, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება”, – განაცხადა ზელენსკიმ 3 ივლისს.
ზელენსკის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, „უკრაინის გადაწყვეტილება გაუგებარი და საფუძველს მოკლებულია, მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ“.

ელჩმა გუშინ, 5 ივლისს თქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე უკრაინულ მხარეს განემარტა – მათ მიერ დაფიქსირებული შეშფოთება “სინამდვილეს არ შეესაბამება”.

4 ივლისს საქართველოს ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით დაიბარეს, მას “გადაჭრით გამოუცხადეს პროტესტი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო”.

3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო დაიბაროს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოუცხადონ მკაცრი პროტესტი და 48 საათში შესთავაზონ ქვეყნის დატოვება. ამასთან, დაიწყოს მოლაპარაკება სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებები მოჰყვა 3 ივლისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ვიდეოზარის ფორმატში გამოჩენას თბილისის საქალაქოს სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც “7 ნოემბრის” საქმე განიხილებოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა “ღრმა შეშფოთება უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო”. ამასთან, საგარეო უწყების თანახმად, ამ ეტაპზე თავს იკავებენ უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან.

მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უკრაინის ხელისუფლების განცხადებას საფუძველმოკლებული უწოდა და თქვა რომ „მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ“.

მსგავსი პოსტები

Back to top button