უკრაინასთან ომში მოკლული და დაჭრილია 100 ათასზე მეტი რუსი სამხედრო

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის, გენერალ მარკ მილის ინფორმაციით, უკრაინასთან ომში მოკლული და დაჭრილია 100 ათასზე მეტი რუსი სამხედრო. ამერიკელი გენერლის თანახმად, სავარაუდოდ, ამ მასშტაბის დანაკარგი აქვს უკრაინასაც. მილის ინფორმაციის წყარო არ დაუკონკრეტებია.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, 9 ნოემბერს, ნიუ-იორკის ეკონომიკურ კლუბში გამოსვლისას მარკ მილიმ განაცხადა, რომ ომმა იმსხვერპლა უკრაინის 40 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეც. ამერიკელ გენერალს ჰკითხეს, არსებობს თუ არა დიპლომატიის გზით ომის დასრულების პერსპექტივა. მარკ მილიმ უპასუხა, რომ პირველი მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე, მოლაპარაკებებზე უარმა ადამიანების ტანჯვა გააღრმავა და მილიონობით მსხვერპლი გამოიწვია, ამიტომ, როცა არსებობს მოლაპარაკების შესაძლებლობა და თუ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია, მომენტი უნდა გამოიყენო.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთმა 10-ჯერ მეტი დანაკარგი განიცადა, ვიდრე უკრაინამ და მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ციფრების დასახელება არ შეუძლია, ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა ორი ქვეყნის მიერ განცდილ დანაკარგებს შორის.
მისივე თქმით, უკრაინა ადამიანებს „საზარბაზნე ხორცად“ არ იყენებს, რაც კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ მას არ განუცდია იმდენი მსხვერპლი, რამდენიც რუსეთს.
„როდესაც ჩვენ პარტნიორებს ვთხოვთ საარტილერიო ან ჯავშანტექნიკას, ეს ეხება არა მხოლოდ იარაღს, არამედ პირველ რიგში ჩვენი სამხედროების დაცვას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, შეერთებული შტატებისა და ევროპის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული არტილერია ქვეყანას რუსეთის სამხედრო შეტევის „გატეხაში“ დაეხმარა.
„ჩვენ შევაჩერეთ ისინი, მოვახდინეთ ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილის დეოკუპაცია და ამას ნამდვილად შეუწყო ხელი არტილერიამ და ახალმა ტექნოლოგიებმა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბოლოს 21 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინაში დაღუპულია 5937 სამხედრო მოსამსახურე. ზაფხულის დასაწყისში უკრაინის ხელისუფლება აცხადებდა, რომ რუსეთთან ომში დაიღუპა 10 ათასამდე უკრაინელი სამხედრო.