მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინასთან ომში რუსეთმა 900-ზე მეტი ელიტარული სამხედრო მოსამსახურე დაკარგა

რუსეთმა უკრაინაში 48 350 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინასთან ომში, ნახევარი წლის განმავლობაში, რუსეთმა 900-ზე მეტი ელიტარული სამხედრო მოსამსახურე დაკარგა – თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) სპეცრაზმელები, საზღვაო ქვეითები, მედესანტეები, სამხედრო მფრინავები, რომელთა მომზადებას წლები და მილიონობით დოლარი დასჭირდა. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური იუწყება.

ჟურნალისტებმა გააანალიზეს სია, რომელსაც, BBC-ი „მედიაზონასთან“ და მოხალისეთა ჯგუფთან ერთად აწარმოებს და რომელშიც მოიცავს იმ რუსი ჯარისკაცების შესახებ ინფორმაციას, რომელთა დაღუპვაც ოფიციალურადაა დადასტურებული.

კერძოდ, ღია მონაცემებით, მათ შეძლეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცრაზმის 151 სამხედრო მოსამსახურის და რუსეთის გვარდიის 245 თანამშრომლის დაღუპვის ცნობის დადასტურება. რუსეთის გვარდიისა და ГРУ -ს სპეცრაზმში დაღუპულთაგან თითქმის ყოველი მეოთხე (22 პროცენტი) ოფიცერია.

გამოქვეყნებული ნეკროლოგების ანალიზმა აჩვენა, რომ უკრაინაში შეჭრისას ყველაზე დიდი დანაკარგი 22-ე გვარდიის სპეცდანიშნულების ბრიგადამ განიცადა. დაიღუპა ბრიგადის მინიმუმ 30 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 4 ოფიცერი – ასეულის მეთაური (ბრიგადაში მხოლოდ ოთხი სპეცდანიშნულების ასეულია).

უკრაინის ომის დროს დანაკარგები განიცადეს ГРУ -ს სპეცრაზმის სხვა დანაყოფებმაც. გამოცემის შეფასებით, 24-ე გვარდიის ბრიგადამ დაკარგა მინიმუმ 21 ადამიანი, მათ შორის ოთხი ოფიცერი.

ცნობილია ასევე მე-3 გვარდიის სპეცდანიშნულების რაზმის 26 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის შესახებ, მათ შორის ხუთი ოფიცერია. უკრაინაში დაიღუპა მე-16 გვარდიის სპეცდანიშნულების ბრიგადის მეთაურის მოადგილე ლეიტენანტი, ამავე ბრიგადის შტაბის უფროსი მაიორის წოდებით, ასევე ასეულის მეთაური კაპიტნის წოდებით.

ჟურნალისტური გამოძიების ავტორები შენიშნავენ, რომ სპეცრაზმის ოფიცრების დაკარგვა რუსული არმიისთვის, შესაძლოა ყველაზე მტკივნეული საკითხი იყოს, ვინაიდან სათანადო კვალიფიკაციის ლეიტენანტის მომზადებას მინიმუმ ოთხი წელი სჭირდება, კიდევ ოთხი წელია საჭირო კაპიტნისა და ასეულის ხელმძღვანელის პოსტის დასაკავებლად.

რუსეთის გვარდიის 245 დაღუპული მოსამსახურიდან, რომელთა შესახებაც ინფორმაციის დადასტურება მოხერხდა, არანაკლებ 16 შინაგანი ჯარის სპეცდანიშნულების ბრიგადის წარმომადგენელია. რომლებიც როსგვარდიის სპეცრაზმის ელიტად მიიჩნევა.

პერსონალის უდიდესი დანაკარგი განიცადა ყაზანის სპეცდანიშნულების რაზმის „Барс”-ის 25-ე რაზმმა. უკრაინაში დანაყოფის 10 მოსამსახურე დაიღუპა, მათ შორის 2 ოფიცერი.

უკრაინაში ომში დაღუპული რუსი სამხედროების მეხუთედი მედესანტეა, წერს BBC-ის რუსული სამსახური. ომის პირველ კვირებში ომის სირთულემ მათ მხრებზე გადაიარა.

დიდი დანაკარგი განიცადა საჰაერო სადესანტო ძალების 331-ე გვარდიის პოლკმა. ოფიციალურად დადასტურებულია 80-ზე მეტი სამხედროს დაღუპვა, მათ შორისაა პოლკის მეთაური და კიდევ 20 ოფიცერია.

საზღვაო ქვეითებს შორის ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა გვარდიის 810-ე ბრიგადამ, რომელიც ანექსირებულ ყირიმშია ბაზირებული. დაიღუპა სულ მცირე 56 სამხედრო მოსამსახურე. მათ შორის ორი ბრიგადის მეთაური.

BBC-ის ჟურნალისტების ცნობით, უკრაინაში ომის დროს 67 რუსი სამხედრო მფრინავი დაიღუპა. ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის დანაკარგად ითვლება რადგან საბრძოლო თვითმფრინავები და ვერტმფრენების ეკიპაჟები მსოფლიოს ნებისმიერი არმიის ელიტაა. ერთი სამხედრო პილოტის მომზადებას საშუალო 15-17 წელი სჭირდება და 12-14 მილიონი დოლარი ჯდება, აღნიშნავს გამოცემა.

აშშ-სი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ივლისის მონაცემებით, რუსეთმა უკრაინაში 15 ათასი სამხედრო დაკარგა.

ბრიტანული დაზვერვა, ჯერ კიდევ ივნისში საუბრობდა 20 ათასი დაღუპულის შესახებ.

უკრაინის გენშტაბი დაღუპულად აცხადებს 40 ათას რუს სამხედროსა და ოფიცერს.

პენტაგონის შეფასებით, აგვისტოს დასაწყისში რუსეთმა უკრაინაში დაღუპულებისა და დაჭრილების სახით დაკარგა 70-დან 80 ათასამდე სამხედრო.

განახლებული, ოფიციალური, ინფორმაცია რუსული არმიის დანაკარგების შესახებ არ არსებობს. დანაკარგების თაობაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია ბოლოს 25 მარტს გამოაქვეყნა სადაც 1351 დაღუპულის შესახებ იტყობინებოდა.

ამასთან კვლავ დანაკარგი აქვთ რუსებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 48 350 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

➡ტანკი – 1997

➡ჯავშანტექნიკა – 4345

➡საარტილერიო სისტემა – 1115

➡ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 287

➡საჰაერო თავდაცვის სისტემა – 153

➡თვითმფრინავი – 234

➡ვერტმფრენი – 205

➡ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 851

➡ფრთოსანი რაკეტა – 196

➡გემი/ნავი – 15

➡სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 3239

➡სპეცტექნიკა – 104
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button