უკრაინაზე შემდეგი მასიური თავდასხმა 22 ან 23 დეკემბერს მოხდება

უკრაინული გამოცემა Pravda უკრაინის დაზვერვაში წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთი სავარაუდოდ, უკრაინაზე მორიგ მასობრივ სარაკეტო იერიშს 22 ან 23 დეკემბერს გეგმავს.
გამოცემის ცნობით, რუსეთი ამ თავდასხმაში ჩართავს ყველა მათ ხელთ არსებულ ფრთოსან რაკეტას, რომელთა რადიუსი 500 კმ და მეტია.
„საერთო ჯამში, დაგეგმილია სულ მცირე 67 ფრთოსანი რაკეტის გამოყენება. თავდასხმის შემდეგ დღეს არაა გამორიცხული თავდასხმისთვის დრონების გამოყენება“ – წერს Pravda.
არსებული ცნობით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მინიმუმ 67 რაკეტას გამოიყენებს, რომლის მოქმედების მანძილიც 500 კილომეტრი და მეტი იქნება. დაბომბვის მეორე დღეს, კი არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა დრონები გამოიყენოს.
მედია წერს, რომ დაზვერვის ცნობით, რუსეთი იერიშისთვის სულ მცირე 4 ისკანდერის რაკეტას, 8-14 ერთეულ Tu-95MS თვითმფრინავს, სულ მცირე სამი კალიბრის რაკეტის გამშვებსა და 3-მდე Tu-22M3 თვითმფრინავს ამზადებს.
Pravda ასევე აცხადებს, რომ ყირიმში არსებულ სევასტოპოლის საზღვაო პორტში 23-27 დეკემბერს გემების გადაადგილება შეიზღუდა, ამის მიზეზი, მათი ცნობით, რუსეთის მიერ დაგეგმილი სარაკეტო თავდასხმაა.
რუსეთმა წინა მასშტაბური სარაკეტო იერიში უკრაინაში 16 დეკემბერს მიიტანა. ამ დღეს ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე 74 რაკეტა ისროლეს.
გარდა ამისა, მოსალოდნელი თავდასხმების გამო, დროებით დაიკეტება ოკუპირებულ ყირიმში მდებარე სევასტოპოლის საზღვაო პორტი.