უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების 500-მდე ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ჩულაკოვკას დასახლებულ პუნქტთან ოკუპანტებზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც რუსების 500-მდე ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„31 დეკემბერს, ხერსონის ოლქის ჩულაკოვკას დასახლების მიმდებარედ, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და სამხედრო აღჭურვილობაზე იერიში მიიტანეს. მტრის დანაკარგებმა 500-მდე დაჭრილი და დაღუპული ჯარისკაცი შეადგინა“, – აცხადებენ გენშტაბში.
გარდა ამისა, უწყების ცნობით, 1-ელ იანვარს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ხერსონის ოლქის ფედოროვკას დასახლების ტერიტორიაზე ცეცხლი გაუხსნეს რუს სამხედროებს უწყებაში ამბობენ, რომ შეტევის დროს დაზიანდა და განადგურდა ოკუპანტების სამხედრო ტექნიკაც, მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ლუჰანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოში რუსების საბრძოლო მასალების საწყობი გაანადგურეს.
ინფორმაციას შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს.
StratCom-ის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თითქმის ორი კვირის განმავლობაში აფიქსირებდნენ, თუ როგორ შეჰქონდათ ოკუპანტებს საბრძოლო მასალა საწყობში და მხოლოდ ამის შემდეგ დაარტყეს საწყობს.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვა ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, უახლოესი კვირების განმავლობაში რუსეთის მნიშვნელოვან გარღვევას უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან.
ბრიტანული დაზვერვის თანახმად, დეკემბრის შუა რიცხვებში რუსმა სამხედროებმა და კერძო კომპანია „ვაგნერმა“ გაზარდეს ბახმუტის გარშემო ქვეითი ძალების შეტევები, თუმცა, ამ ოპერაციების დიდი ნაწილი სხვა საშუალებებით ცუდად მხარდაჭერილი იყო.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ათი დღის განმავლობაში, უკრაინამ ბახმუტის მიმართულებით მნიშვნელოვანი დამატებითი ძალები გამოიყენა და დეკემბრის შუა პერიოდის პიკთან შედარებით, რუსეთის იერიშების სიხშირემ იკლო.
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, ორივე მხარემ დიდი დანაკარგი განიცადა. კონკრეტული რიცხვი დასახელებული არ არის.
ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსები ყოველდღიურ განახლებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცდილობს დონეცკის ოლქის მაკიივკაში ასობით ოკუპანტის ლიკვიდაციაზე პასუხისმგებლობა “დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა” და მობილიზებულ პირებზე გადაიტანოს.
ISW აღნიშნავს, რომ რუსულ ბაზაზე თავდასხმამ გამოიწვია “მნიშვნელოვანი კრიტიკა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ”.
“რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, სავარაუდოდ, ცდილობს თავისი ცუდი ოპერატიული უსაფრთხოების პასუხისმგებლობა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჩინოვნიკებზე და მობილიზებულ ძალებზე გადაიტანოს, მაგრამ დარტყმის ბუნდოვანმა აღიარებამ მაინც გამოიწვია კრიტიკა რუსეთის სამხედრო სარდლობის მიმართ.
ასეთი ღრმა სამხედრო წარუმატებლობა გაართულებს პუტინის მცდელობებს დაამშვიდოს რუსული ომის მომხრე საზოგადოება და შეინარჩუნოს დომინანტური ნარატივი შიდა საინფორმაციო სივრცეში”, – ნათქვამია განცხადებაში.
განახლებაში აღნიშნულია, რომ ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამართალდამცავებმა რუსულ სახელმწიფო ტელეარხებს უთხრეს, რომ თავდასხმა მოხდა მაშინ, როდესაც რუსმა სამხედრო პერსონალმა დაარღვია ოპერატიული უსაფრთხოება პირადი მობილური ტელეფონების გამოყენებით, რამაც უკრაინელებს ზუსტი დარტყმის საშუალება მისცა. ე.წ. “დონეცკის რესპუბლიკის” ზოგიერთი საჯარო მოსამსახურე ითხოვს იმ თანამდებობის პირების დასჯას, რომლებმაც გადაწყვიტეს საგანმანათლებლო დაწესებულების შენობა მობილიზებულთა ბაზად გამოეყენებინათ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ორშაბათს განაცხადა, რომ ოკუპირებულ მაკიივკაში 10-მდე ერთეული სხვადასხვა ტიპის რუსული სამხედრო ტექნიკა დაზიანდა ან განადგურდა. უწყება ამბობს, რომ ადამიანური “ზარალი” ჯერ კიდევ დგინდება.
უკრაინის სამხედრო სარდლობამ თავდაპირველად განაცხადა, რომ 400-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინის აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონში მომხდარი ინციდენტის დროს.
“სანტამ 400-მდე გვამი ჩაალაგა ჩანთებში”, – ეწერა კვირას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაცილებით დაბალი მაჩვენებელი დაასახელა და თქვა, რომ 63 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა თავდასხმის შედეგად. სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ მიწოდებულმა Himars-ის ოთხმა რაკეტამ დაარტყა “დროებითი განლაგების ობიექტს”.
აშშ-ში დაფუძნებული კომპანია Planet Labs-ის მიერ გადაღებული სატელიტური სურათები, აჩვენებს 20 დეკემბრისა და 2 იანვრის სიტუაციას მაკიივკაში.
გავრცელებული ინფორმაციით, პროფესიულ სასწავლებელში, რომელზეც თავდასხმა მოხდა, განთავსებული იყო მოსკოვის მიერ გაგზავნილი ახლახან მობილიზებული ჯარები.