მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელებმა მტრის 70-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს- ოკუპანტების 180 050 ჯარისკაცი მოკვდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 21 საავიაციო და 1 სარაკეტო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 33-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 72 შეტევა. გენერალური შტაბის ინფორმაციით, ყველაზე სასტიკი ბრძოლა გრძელდება დონეცკის ოლქის ქალაქების, ბახმუტისა და მარინკისთვის.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მონაცემებით, 11 აპრილს, რუსეთის ძალებმა სახმელეთო შეტევები განახორციელეს ბახმუტსა და მის შემოგარენზე და ავდეევკა-დონეცკის ხაზის გასწვრივ. ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, რუსული ძალების სახმელეთო იერიში არ ყოფილა დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში.
უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, უკრაინის ავიაციამ 13 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 5 რაიონი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 180 050 ჯარისკაცი დაკარგა.
მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 12 აპრილამდე პერიოდს.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 3646
ჯავშანტექნიკა – 7043
საარტილერიო სისტემა – 2770
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 535
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 282
თვითმფრინავი – 307
ვერტმფრენი – 293
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2334
ფრთოსანი რაკეტა – 911
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5630
სპეცტექნიკა – 319
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button