მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში რუსული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის მოადგილე გენერალი სუროვიკინი დაკავებულია

რუსული ინტერნეტ-არხებით ვრცელდება ცნობები, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მიერ ორგანიზებული ამბოხების გამო, დაკავებული არიან უკრაინაში რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის მოადგილე, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, გენერალი სერგეი სუროვიკინი და მისი მოადგილე, გენერალი ანდრეი იუდინი და ისინი ლეფორტოვოს იზოლატორში იმყოფებიან. გამოცემის ცნობით, ინფორმაციაზე ოფიციალურად უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.
ერთ-ერთი წყარო მედიას ეუბნება, რომ პრიგოჟინის აჯანყების დროს, როგორც ჩანს, სუროვიკინმა “მხარე აირჩია”. გამოცემა წერს, რომ სუროვიკინის დაკავების შესახებ ცნობები მანამდე სამხედრო ბლოგერმა ვლადიმერ რომანოვმა გამოაქვეყნა – მისი თქმით, გენერალი 25 ივნისს, ვაგნერის აჯანყების მეორე დღეს დააკავეს.

ოფიციალურმა პირებმა New York Times-ს განუცხადეს, რომ ისინი ცდილობენ გაარკვიონ, დაეხმარა თუ არა გენერალი სუროვიკინი პრიგოჟინს მოქმედებების დაგეგმვაში, რასაც გამოცემა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 23-წლიანი მმართველობის განმავლობაში ყველაზე სერიოზულ გამოწვევას უწოდებს.

სუროვიკინი რუსეთში გავლენიანი სამხედრო მეთაურია, რომელიც გასულ წელს უკრაინის კონტრშეტევის დროს ფრონტის ხაზზე თავდაცვის გამაგრებაში დაეხმარა არმიას. იანვარში იგი შეცვალეს უმაღლესი მეთაურის თანამდებობაზე, მაგრამ მან გავლენა შეინარჩუნა.
ამ ცნობებს გამოეხმაურა ცნობილი რუსი ჟურნალისტი, „ეხო მოსკვის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი და რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული ალექსეი ვენედიქტოვი. მან ტელეგრამზე დაწერა, რომ გენერალი იუდინი სახლშია, გენერალ სუროვიკინს კი, სამი დღეა ოჯახთან კავშირი არ ჰქონია და კონტაქტზე არც მისი დაცვის თანამშრომლები არიან.

28 ივნისს, ღამით, გამოცემა The Moscow Times-მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ სერგეი სუროვიკინი დაკავებულია პრიგოჟინის მხარდაჭერის გამო. შეკითხვას, სად იმყოფება გენერალი, ერთ-ერთმა წყარომ უპასუხა, რომ „ამ ინფორმაციაზე კომენტარი შიდა არხებითაც კი არ კეთდება”.

ამერიკული გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა წინასწარ იცოდა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ამბოხებას გეგმავდა. ამ ცნობას სპეკულაცია უწოდა პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
გამოცემის მოსაზრებით, ეს აჩენს კითხვებს, როგორი მხარდაჭერა ჰქონდა ევგენი პრიგოჟინს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში. ვაგნერის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის “სამართლიანობის მარშად” წოდებული აჯანყების დროს, სუროვიკინმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც დაქირავებულ მებრძოლებს შეჩერებისკენ მოუწოდა.

ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი „ვაგნერელების“ დაახლოებით 24-საათიანი ამბოხება 23 ივნისს, საღამოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რასაც მრავალათასიანი „სამართლიანობის მარშით“ უპასუხებენ.
24 ივნისს „ვაგნერელების“ ნაწილმა, პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა რუსეთის ქალაქი დონის როსტოვი, ნაწილი კი, მოსკოვისკენ დაიძრა.
24 ივნისს, ღამით, ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ლუკაშენკასთან მოლაპარაკების შემდეგ, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, ამიტომ საველე ბანაკებში ბრუნდებიან.
24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ამბოხების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და პრიგოჟინი ბელარუსში წავა.
27 ივნისს ლუკაშენკამ დაადასტურა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფება და განაცხადა, რომ ეთანხმება თავდაცვის მინისტრის პოზიციას იმის შესახებ, რომ „ვაგნერის“ მსგავსი ქვედანაყოფი ბელარუსის არმიას წაადგება.

მსგავსი პოსტები

Back to top button