მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-ის სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტი დაბლოკა

"ჩვენ არ დავთმობთ ჩვენი მიწის არცერთ ნაწილს"-ალექსეი დანილოვი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა, რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო, ჯერჯერობით ვერ შეძლო შეთანხმება ფინანსურ პაკეტზე, რომელიც აუცილებელია უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად.

სენატში 6 დეკემბერს ჩატარდა დემოკრატების მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის დასაწყებად საჭირო პროცედურული კენჭისყრა. მომხრე იყო 49 სენატორი, წინააღმდეგი – 51. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იყო 100-დან სულ მცირე 60 სენატორის მხარდაჭერა.

ხმა წინააღმდეგ მისცეს ყველა რესპუბლიკელმა, დამოუკიდებელმა სენატორმა ბერნი სანდერსმა და ბოლო მომენტში სენატის დემოკრატმა სპიკერმა ჩაკ შუმერმაც, რათა შესაძლებლობა ჰქონდეს, სენატს მიმართოს საკითხის გადახედვის წინადადებით.

დემოკრატების მიერ ინიციირებული კანონპროექტი ითვალისწინებს 110 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინის(61 მილიარდი) და ისრაელის დასახმარებლად და სამხრეთის საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად.

რესპუბლიკელები უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის მხარდაჭერას უკავშირებენ არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას. რესპუბლიკელები არასაკმარისად მიიჩნევენ საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს.

სენატში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლიტიკური შანტაჟი უწოდა რესპუბლიკელების მუქარას, რომ მათი მიკერძოებული სასაზღვრო პოლიტიკის მხარდაჭერის გარეშე უკრაინის დახმარება შეწყდება.
კომპრომისის მისაღწევად სენატში კონსულტაციები გაგრძელდება. ვითარებას ის ართულებს, რომ სენატში შეთანხმების შემთხვევაშიც კი, კანონპროექტს რესპუბლიკელებისგან კიდევ უფრო დიდი წინააღმდეგობა ელის კონგრესის ქვედა – წარმომადგენელთა პალატაში. ამასთან, აშშ-ში საშობაო არდადეგები ახლოვდება.

რამდენიმე დღეა ვაშინგტონში მოლაპარაკებებს მართავს უკრაინის დელეგაცია. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა კონგრესს მოუწოდა, აღარ გადადოს უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის გადაწყვეტა, რადგან ეს რუსეთთან ომში დამარცხების საფრთხეს ქმნის.

6 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ უკრაინას გაუწევს კიდევ 175 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თანახმად, თუ კონგრესი დამატებითი დაფინანსების საკითხს არ გადაწყვეტს, ეს უკრაინის დახმარების ერთ-ერთი ბოლო პაკეტი იქნება.

თეთრმა სახლმა კონგრესი უკვე გააფრთხილა, რომ თუ წლის ბოლომდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, აშშ-ს აღარ ექნება უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად საჭირო ფინანსები.

პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

ჩვენ არ დავთმობთ ჩვენი მიწის არცერთ ნაწილს, გადავტენით იარაღს და გავაგრძელებთ რუსული მონსტრის განადგურებას, – ასე ეხმაურება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი სოციალურ ქსელში აშშ-ის სენატის მიერ უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტის დაბლოკვას.

„სიმშვიდე და სიმტკიცე. არ აქვს მნიშვნელობა, ვის, სად და როგორ მისცეს ხმა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ჩვენ არ შევწყვეტთ ჩვენი ქვეყნის დაცვას, არ დავთმობთ ჩვენი მიწის არცერთ ნაწილს და არ ვაპატიებთ არავის დაღუპულებსა და დაშავებულებს. ჩვენ მოვახდენთ ფოკუსირებას, გამოვიტანთ დასკვნებს, გადავტენით იარაღს და გავაგრძელებთ რუსული მონსტრის განადგურებას“, – აცხადებს დანილოვი.

მისივე თქმით, ყოველი დღე არის მძიმე, მაგრამ უკრაინა საჭირო გაკვეთილზე იზრდება და ძლიერდება.

„ჩვენ მივხვდით, რომ მსოფლიოში ადამიანური პროგრესის მიუხედავად, ძალა კვლავ ხდება უმთავრესი პრიორიტეტი და სწორედ ამიტომ, უკრაინის თავდაცვის ძალები არიან და რჩებიან ჩვენი უსაფრთხოების საუკეთესო გარანტი, საიმედო დაზღვევა არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის მძევლებად ქცევისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ვალდებულებების შეუსრულებლობისგან“, – წერს ალექსეი დანილოვი.

აშშ-ის სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტი დღეს დაბლოკა. როგორც „ბიბისი“ წერს, რესპუბლიკელმა სენატორებმა დაბლოკეს 110 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი, რომელიც 61 მილიარდ დოლარს უკრაინის დასახმარებლად მოიცავდა.

კანონპროექტს მხარი სულ 51 სენატორმა დაუჭირა, ხოლო 49-ვე რესპუბლიკელი სენატორი წინააღმდეგი იყო. იმისთვის, რომ ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტი დაემტკიცებინათ, სულ 60 სენატორის ხმა იყო საჭირო.

მსგავსი პოსტები

Back to top button