უკრაინელი სამხედროები საკუთარ ტერიტორიებს იბრუნებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევით ოპერაციებს ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. კერძოდ, სამხრეთში, შეტევის დაწყებიდან, გათავისუფლებულია 130 კვ.კმ. ტერიტორია, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
მისი თქმით, აღმოსავლეთში უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული კვირის განმავლობაში, აწარმოეს როგორც თავდაცვითი, ისე შეტევითი ოპერაციები და ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს.
მისი თქმით, უკრაინულმა ძალებმა, აღმოსავლეთში, გასული კვირის ბოლოს წამოიწყეს კონტრშეტევითი ოპერაციები ორეხოვო-ვასილევკას, ბახმუტის, ბოგდანოვკას, იაგოდნოიეს, კლეშჩიევკასა და კურდიუმოვკას რაიონებში და თითოეული მიმართულებით 1- 2 კმ-ით დაწინაურდნენ.
ამავდროულად, მისი თქმით, რუსულმა ძალებმა შეტევა განახორციელეს ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით.
“გასული კვირის განმავლობაში ამ მიმართულებით 250-მდე შეტაკება მოხდა. მტერი ცდილობდა ჩვენი ჯარების დაკავებული პოზიციებიდან გაძევებას, მაგრამ არ გამოუვიდა”, – განაცხადა ანა მალიარმა.
რაც შეეხება ქვეყნის სამხრეთ ნაწილს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, „შეტევის დაწყებიდან, სამხრეთით გათავისუფლებული ტერიტორია 130 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს“.
ივნისის დასაწყისიდან უკრაინის თავდაცვის ძალები კონტრშეტევით ოპერაციებს ატარებენ დონეცკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებით. რუსეთი უარყოფს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა წარმატებულია.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ამჟამინდელ, ცალკეულ კონტრშეტევებს მოსამზადებელ ოპერაციას უწოდებს. ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში რეზნიკოვმა განაცხადა, რომ კონტრშეტევა წარმატებული იქნება, როცა ის მთელი ძალით დაიწყება. უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, ისინი უფრთხილდებიან მამაც და მოტივირებულ მებრძოლებს, განსხვავებით რუსეთისგან, რომლის მიდგომაც ხორცსაკეპ მანქანას შეადარა. ოლექსი რეზნიკოვის შეფასებით, 2023 წელი გადამწყვეტი იქნება.
ამასთან უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუწყება უკრაინელი სამხედროების მიერ დონეცკის ჩრდილოეთში მდებარე სოფელ როვნოპოლის გათავისუფლებას. “მივდივართ წინ”, – წერს ჰანა მალიარი ტელეგრამზე.
როვნოპოლი მცირე ზომის დასახლებული პუნქტია. ომამდე მისი მოსახლეობა 100 ადამიანამდე იყო. ის მდებარეობს ე.წ. ვრემიევსკის შემაღლებიდან ჩრდილოეთით და უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან, ივნისის პირველ რიცხვებში, ფაქტობრივად, ნახევრად იყო ალყაში. ცნობა თუ დადასტურდება, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ძალებმა, ფაქტობრივად, “ჩაჭრეს” შემაღლება დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებს შორის საზღვარზე.
როვნოპოლის დაკარგვას რუსეთის წყაროები ჯერ არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
მანამდე უკრაინის მეომრებმა ამ რაიონში დაიკავეს კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი, რომლებსაც შარშანდელი გაზაფხულიდან რუსეთი აკონტროლებდა – თუმცა ღრმა გარღვევა არ მომხდარა.
არის ცნობები შეტაკებებზე ხერსონის ოლქში და მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე.
დღეს, მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აღმოსავლეთით წინ მიიწევენ, სამხრეთით კი ტერიტორიები გაათავისუფლეს. მისი თქმით, კვირის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა აღმოსავლეთით თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციები აწარმოეს და ამასთან, ტაქტიკური წარმატებაც ჰქონდათ.
22 ივნისს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს, რივნოპოლისა და ბელოგოროვკას მიმართულებით კი წინსვლას აგრძელებდნენ.